14, ივნისი 2019 17:14:00
აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთმა ოპერატორმა მენეჯმენტი შეცდომაში შეიყვანა. მან ჟურნალისტურ წრეებში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოქმედ და ყოფილ დირექტორზე ფარული ვიდეო ჩანაწერები აქვს, რის გავრცელებასაც გეგმავს. მომხდარის გამო, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პოლიციის გამოძახებას აპირებდა, თუმცა როგორც ნათია ზოიძე აცხადებს, თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მტკიცებულება ვერ მოიპოვა, შესაბამისად საქმეს მსვლელობა აღარ მიეცა. ოპერატორს არც სიტყვიერი და არც წერილობითი გაფრთხილება მისცეს. შეგახსენებთ, ამ დრომდე არ გამოვლენილა იმ პირის ვინაობა, რომელმაც 1 მაისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სათვალთვალო კამერის კადრები გაავრცელა. ყოფილი დირექტორისა და თანამშრომლების შეხვედრის ამსახველი კადრები იმ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათია კაპანაძის რეპუტაციის შემლახველი მასალები იტვირთებოდა.