25, ივნისი 2019 20:45:00
ბიძინა ივანიშვილის დღემდე შეუსრულებელი დაპირება და მინისტრი, რომელიც ტვ 25-ის კითხვებს გაურბის. ოლიგარქის წინასაარჩევნო განცხადება და ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში წლების მანძილზე. ნათია თურნავა დღეს იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. სულხან მესხიძე ჩაგვერთვება ახლა დეტალებით.
სულხან, რა ითქვა, გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე და რა უთხრა მინისტრმა გამოსახლებულ და ქუჩაში აღმოჩენილ მოქალაქეებს?
ია, მოდი თავდაპირველად მაყურებელს ვეტყვი, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ქობულეთში, გაუფრთხილებლად ჩავიდა და ამის შესახებ მედიას პრესცენტრისგან ინფორმაცია არ ჰქონდა. როგორც ჩანს ნათია თურნავას იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრა ტელეკამერების გარეშე სურდა. გასაიდუმლოებული შეხვედრის მიუხედავად, TV 25-ის გადამღები ჯგუფი მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე იმ დროს მივიდა, როდესაც თურნავა აღელვებული მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობდა. წინამორბედების და თანაგუნდელების მსგავსად გასცა დაპირებები. რატომ მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა ქობულეთელები და რატომ არ შესრულდა 2012 წელს დადებული პირობა? ,,TV 25“ - ის კითხვას ეკონომიკის მინისტრმა არ უპასუხა და ტერიტორია განმარტების გარეშე დატოვა.
ქობულეთის მერიის წინ, 35-მდე იპოთეკით დაზარალებული ოჯახი საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა, რაც მართავს, ზოგიერთი მათგანი კი შიმშილობს.
აქციის მონაწილეებმა დღეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს, მათ შორის იყო მალხაზ ხაბაზი, რომელიც ოლიგარქის გამართლებას ცდილობდა. ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ მათი პრობლემების შესახებ ბიძინა ივანიშვილს ინფორმაცია არ აქვს.
აქციაზე იპოთეკით დაზარალებულების გარდა, საოჯახო სასტუმროს მფლობელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც რუსეთის მხრიდან ტურისტულ ემბარგოს აპროტესტებენ და შექმნილ ვითარებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ.
აჭარის მთავრობის თავჯდომარე ფიქრობს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ ძალას ამის სურვილი არ აქვს. "არიან რიგი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ ამ ოჯახების პრობლემებს" - აღნიშნა რიჟვაძემ. მისი თქმით, დღეს არსებული ექსტრაორდინალური ფონი ნაციონალური მოძრაობის მიერაა შექმნილი.
საინტერესოა მიაღწევენ თუ არა მხარეები შეთანხმებას და რა ფორმით დაეხმარება ხელისუფლება იპოთეკური სესხით დაზარალებულებს, ასევე როგორ აპირებს მთავრობა ტურიზმის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ადგილობრივები ფინანსურად არ დაზარალდნენ - პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე რთულია. დაველოდოთ რა გაგრძლება მოყვება ამ თემას.