ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

კომპანიები საერთო მფლობელებით - ტენდერები ხულოში კონკურენციის გარეშე

25, ივნისი 2019 20:40:00

ახლა კი ეკატერინე ბარამიძე მოგვიყვება  მაღალმთიან  აჭარაში გამოცხადებული ტენდერების საეჭვო სქემაზე,  რომელიც სახელმწიფო აუდიტს კითხვის ნიშნებს უჩენს. შესყიდვები მორგებული პირობებით კონკურენციის გარეშე - ამ გარემოებაზე ხულოს მერიაში პასუხისმგებელ პირებს განმარტებები ვთხოვეთ. ვინ რითი იმართლებს თავს და დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო ორგანო შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე? პასუხებს სიუჟეტიდან გაიგებთ 
აუდიტორების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხულოს მერიის შესყიდვები კონკრეტულ პრეტენდენტზეა მორგებული. სატენდერო პირობებში დაუსაბუთებელი და ხელოვნური მოთხოვნებია ჩადებული, რაც კითხვებს აჩენს. 
ორი სხვადასხვა კომპანიის საერთო დირექტორი და დამფუძნებელი სახელმწიფო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მის მფლობელობაში არსებული ორგანიზაციები განსხვავებულ სამუშაოებს ასრულებს.
კომპანიებს შორის გარიგებებს უარყოფს  „მშენებელი 7“  წარმომადგენელი. რამაზ იაკობაძე აცხადებს, რომ მხოლოდ იმ ტენდერებში მონაწილეობს, რომელიც ორგანიზაციისთვის კომერციულად მომგებიანია და დასძენს, რომ ამ ეტაპზე მერიის ორი ტენდერი აქვს მოგებული, რითაც 30-მდე სოფელში მზა ბეტონს შეიტანს.
აუდიტის დასკვნაში არ მომხდარა შ.პ.ს „იაკობი“. ორგანიზაცია წელს შედარებით დაბალ ფასიან ორ სახელმწიფო შესყიდვაში უკონკურენტო აღმოჩნდა. დირექტორი კონკურენციის ნაკლებობას, ხულოში კონკურენტების სიმცირით ხსნის.
კომპანიების მსგავსად, სახელმწიფო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმებიან მერიაშიც. შესყიდვების სამსახურის უფროსი, განმარტავს, რომ არის, როგორც მოთხოვნადი, ასევე ნაკლებად მიმზიდველი ტენდერები. 
ხულოს მერიამ, წელს შიდა სასოფლო გზების პრობლემატური მონაკვეთების მოსაწყობად, მზა ბეტონის რამდენიმე შესყიდვა განახორციელა.