ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

ვინ ითხოვდა სკოლის დირექტორის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას?

26, ივნისი 2019 20:36:00

დირექტორი  მინისტრის წინააღმდეგ. ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის ხელმძღვანელის ბრალდებები ხაჯიშვილის უწყების მისამართით. ტარიელ ქათამაძის სკანდალური ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა , რომ ამ რეგიონში, პედაგოგებს  მინისტრის კაბინეტში იბარებენ, ემუქრებიან და შეურაცყოფას აყენებენ. დაიწყო თუ არა განათლების სამინისტრომ სკოლაში მოკვლევა მხოლოდ იმიტომ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი პირი  შედარებით რომ ვთქვათ, მინისტრის დაკრულზე არ ცეკვავდა? გადაცდომა თუ  დამნაშავის ხელოვნურად შექმნის მცდელობა? 
 სულხან მესხიძემ  მოისმინა მხარეების პოზიციები და ახლა დეტალებით შემოგვიერთდება, სულხან გისმენთ. 

დიახ ია, ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აჭარის განათლების მინისტრს ღიად უპირისპირდება. ტარიელ ქათამაძისთვის გაუგებარია სამინისტრო რას იძიებს, მაშინ როდესაც მისი მტკიცებით, საქმეში დანაშაულის შემცველი მტკიცებულება არ არსებობს. დაწესებულების ხელმძღვანელი თითქმის ერთი თვეა ოფიციალური წერილებით ცდილობს მიიღოს კითხვებზე პასუხი - რა ხდება სკოლაში? რა სახის გადაცდომას აქვს ადგილი და რის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა? თუმცა მაია ხაჯიშვილის უწყებისგან პასუხი დღემდე ვერ მიიღო.

ტარიელ ქათამაძის სკანდალური ინტერვიუდან ისიც ხდება ცნობილი, რომ პედაგოგები სამინისტროში დაიბარეს, სადაც მათ სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს. იყო მუქარის შემცველი გზავნილებიც. ალეკო მჟავანაძე - სწორედ ამ საჯარო მოხელის სახელი ფიგურირებს იმ საქმეში, რომლის მიხედვითაც, ქათამაძის მტკიცებით, პედაგოგებს ახსნა განმარტებას იძლებით აწერინებდა.

საქმე ისაა, რომ აჭარის განათლების სამინისტროში სკოლის მოსწავლისგან შეტყობინება შევიდა. ჩვენი ინფორმაციით, წერილში საატესტატო გამოცდებისთვის თანხის შეგროვების ფაქტებზეა საუბარი.

ტარიელ ქათამაძე ეჭვობს, რომ მის წინააღმდეგ ეს კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელისუფლება მისგან დამნაშავეს ხელოვნურად ქმნის. სკოლის დირექტორი წარსულში მმართველი გუნდიდის გზავნილებს და მითითებებსაც იხსენებს. ვინაიდან იგი პოლიტიკურ პროცესებში არ ერთვებოდა, მთავრობისგან ირიბი დირექტივები მიიღო.

„აბა ჰე ახლა დაიწყეთ მოყოლა როგორ აგროვებდით ფულს? თქვე მამაცხონებულებო, რას მატყუებთ, დაკითხული მყავს მეცხრე კლასის 78 მშობელი და ყველაფერი ვიცი“ - ეს ფრაზები იმ დოკუმენტიდანაა, რომელიც პეგაგოგებმა ახსნა განმარტებით ბარათში დაწერეს. ისინი სამინისტროს შიდა აუდიტის ხელმძღვანელს ალეკო მჟავანაძეს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი ალექსანდრე მჟავანაძე მაცნეს სამუშაო საათებში სამსახურში არ დახვდა, შესაბამისად მისი პოზიცია ჩვენთვის უცნობი დარჩა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კი დაადასტურა, რომ სამინისტროში მოსწავლებლეების მიერ თანხის შეგროვების შესახებ ინფორმაცია შევიდა. თეა ვადაჭკორიას თქმით, საკთხის შესწავლა მალე დასრულდება

სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ჩაქვის სკოლის დირექტორის პოზიცია გაუგებარია და  უკვირთ რატომ დაუკავშირა ტარიელ ქათამაძემ პროცესი პოლიტიკას.

აჭარის განათლების მინისტრი ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ მზად არ აღმოჩნდა. მაია ხაჯიშვილმა მაუწყებელს შემდეგი პირობა წაუყენა: კომენტარს იმ შემთხვევაში გააკეთებდა თუ არასაეთერო, ანუ შავ მასალას წინასწარ თუ ვაჩვენებდით. მაუწყებელი მაღალი თანამდებობის პირის ამ ულტიმატუმს ბუნებრივია არ დათანხმდა. აქვე გეტყვით, რომ მოსწავლე, რომელმაც სამინისტროს შესაძლო დანაშაულის შესახებ აცნობა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი მობილური საერთოდ გამორთო. ეს ის მოზარდია, რომელიც ჩვენი წყაროს მტკიცებით, აჭარის განათლების მინისტრთან დაახლოებულია პირია.