27, ივნისი 2019 20:35:00
მომრავლებული თოლიები ქალაქში. რატომ გადმოინაცვლეს ფრინველებმა ზღვის სანაპიროდან დასახლებულ პუნქტებში? ბათუმელებს ეს პოპულაცია ამ რაოდენობით აქამდე არ ახსოვთ. რას უკავშირებენ დარგის ექსპერტები პროცესების ამგვარ განვითრებას?ხატია გოგრაჭაძე არკვევდა.
ზღვის სანაპიროდან თოლიებმა ქალაქში გადმოინაცვლეს. ადგილობრივებისთვის თოლიები უცხო არ არის, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსად მომრავლებული ფრინველის ეს სახეობა არ ახსოვთ. ბათუმელები ყვებიან, რომ ფრინველები საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსების სახურავებზე ბუდობენ.
ორნითოლოგის თქმით, ბოლო დროს ქალაქის ტერიტორიაზე მასიურად მომრავლებული თოლიები, ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სპეციალისტი ქალაქის ტერიტორიაზე ფრინველის პოპულაციას ღია ნაგავსაყრელის არსებობას უკავშირებს.
აღმოჩნდება თუ არა იგივე პრობლემის წინაშე ცეცხლაურის მოსახლეობა, ნაგავსაყრელის გადატანის შემთხვევაში? ბიოლოგი ვარაუდს საფუძვლიანს უწოდებს. ასლან ბოლქვაძე ამას დასახლების ზღვასთან სიახლოვით ხსნის.
თითქმის იდენტური მოსაზრება აქვს ეკოლოგიის ექსპერტს. კახაბერ გუჩმანიძე მიიჩნევს, რომ ნაგავსაყრელი გარკვეული ვადით ღია იქნება, რამაც შესაძლოა თოლიების ამ ტერიტორიაზე გადანაცვლებას შეუწყოს ხელი.
როგორც ექსპერტები ამბობენ, საკითხზე მონიტორინგი არცერთი ორგანოს მიერ არ დაწყებულა. შესაბამისად, რამდენიმე ვერსიის მიუხედავად, აღნიშნულ თემაზე დაზუსტებული პასუხი არ არსებობს.