ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

14, იანვარი 2017 11:10:00

 ბევრი დაღმართი, ბევრიც აღმართი. ჯამში, მაინც წარმატებული. ასე აფასებენ ბათუმელი თეატრალები ბათუმის დრამატული თეატრის ისტორიას. ქართული თეატრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, დღეს ისინი საგანგებოდ შეიკრიბნენ. ნაყოფიერი და ამავდროულად დატვირთული - ასე შეაფასეს განვლილი ერთი წელი მსახიობებმა. 
სამი წელია, რაც ბათუმელი თეატრალები მაყურებელთან ურთიერთობას მცირე სცენის საშუალებით ახერხებენ. დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ არ დასრულებულა. მსახიობები თვლიან, რომ ადგილობრივი თეატრის განვითარებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ისინი დიდი სცენის მოლოდინში არიან.
 როგორც მსახიობები აცახდებენ, ბათუმის დრამატული თეატრი ყოველთვის მზად არის, მოვლენა მაყურებელთან მიიტანოს, მთავარია მისი სწორად აღქმა მოხდეს. მსახიობები მაყურებლების სიმცირეზე საუბრობენ. 
ბათუმის დრამატული თეატრი მაყურებლის წინაშე გასულ წელს 11 პრემიერით წარსდგა. ასევე იყო უცხოელი და ქართველი რეჟისორების ერთობლივი ნამუშევრებიც. ამჟამად, მსახიობები ორი პრემიერისთვის და საზღვარგარეთ გასტროლისთვის ემზადებიან.
აჭარის განათლების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ მსახიობები მომავალ პროფესიულ დღეს უკვე რეაბილიტირებულ შენობაში აღნიშნავენ. ინგა შამილიშვილის თქმით, რეგიონში თეატრის განვითარებისთვის დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
„ქართული თეატრის დღე“-ს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ქართული სასცენო ხელოვნების ძლიერი პერიოდი კი 1879 წელს დაიწყო. ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა, აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, 1879 წელს ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა გამართეს. 450 მაყურებლისთვის გათვალისწინებული თეატრის პატარა შენობა კი ბათუმში 1884 წელს აიგო.

 


დღის ამბები