31, მარტი 2017 17:12:00
"11 და 12 მარტს ქალაქში არ ვიმყოფებოდი, ვიყავი თბილისში და არ შემიძლია, როგორც თვითმხილველმა მოგიყვეთ მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ,“ - ეს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის კახა ბუხრაძის ჩვენების ამონარიდია. ჩვენების დეტალებს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი ასაჯაროებს. მათი თქმით ბუხრაძე 16 მარტს დაიკითხა, ადვოკატებს კი საქმის მასალები 26 მარტს გადაეცათ. საქმის მასალების თანახმად, აჭარის პოლიციის უფროსი დაკითხვისას არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც იგი საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა, მას ღოღობერიძე შეხვდა და სთხოვა, რომ მართვის მოწმობის არარსებობის გამო მისთვის პატრულს პრობლემები არ შეექმნა. დოკუმენტის თანამხად ღოღობერიძე სარფის საბაჟოზე ტრაილერების ურიგოდ გატარებასაც ითხოვდა. ჩვენებაში ბუხრაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ღოღობერიძეს უკანონო მოთხოვნის შესრულებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ის კორუფციულ ქმედებაში მხილებით დაემუქრა. საპატრულო პოლიციის უფროსი განმარტავს, რომ სწორედ ამ უარის შემდეგ დაიწყო მის მიმართ სატელევიზიო სივრცეში ნეგატიური კამპანიის აგორება. მერაბ ღოღობერიძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროს კახა ბუხრაძესთან შეხვედრას ადასტურებს და აცხადებს რომ შეხვედრა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში, თავად კახა ბუხრაძის ინიციატივით გაიმართა. ბუხრაძის მიერ დასახელებულ ბრალდებებს კი ის მტკნარ სიცრუეს უწოდებს.