11, ივლისი 2019 20:33:00
აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი მესამედ გამოცხადდება. მაუწყებლის ხელმძღვანელი ვერც გუშინ აირჩიეს. ხმები თანაბრად გადანაწილდა. როგორ აფასებს განვითარებულ მოვლენებს მესამე სექტორი და სახალხო დამცველის აპარატი?
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსის ჩაშლას მესამე სექტორი მიუღებლად მიიჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციებში ეჭვობენ, რომ ხელმძღვანელი ამჯერად კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ აირჩიეს.
სახალხო დამცველი აქცენტებს სწორად შერჩეული კანდიდატის არჩევაზე აკეთებს. ფაქტს გამოეხმაურა საიას თავმდომარეც.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ხელახალი გამოცხადებისთვის, ბორდის სხდომა 12 ივლისს ჩატარდება. საკითხს მრჩეველთა საბჭორს ოთხმა წევრმა მხარი დაუჭირა. ბეჟან გობაძემ კი რომელიც ნაციონალირი მოძრაობის კვოტით არის არჩეული, თავი შეიკავა და ამის მიზეზიც ვერ ახსნა.
ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევი კონკურსი ფარული კენჭისყრით მეორედ გუშინ ჩატარდა. მეორე ტურში ოთხი ხმა თინათინ ცისკარაძესა და მერაბ წულიკიძეზე თანაბრად გადაინაწილდა. მესამე ბიულეტენზე კი ბორდის ერთერთმა წევრმა მაუწყებლის ყოფილი დირექტორის სახელი და გვარი - ''ნათია კაპანაძე'' დაწერა.
კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა. მრჩეველთა საბჭოს 4 წევრმა, მედიასაშუალების მაშინდელ ხელმძღვანელს ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.