15, ივლისი 2019 21:50:00
სცემა თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა კოლეგა? ტვ 25-თან დაზარალებული ფიზიკური ძალადობის დეტალებზე ალაპარაკდა. ქალი ჰოსპიტალში თავის ტვინის ტრამვით მოათავსეს. ადრესატი ბრალდებებს ნაწილობრივ უარყოფს, სიტყვიერ დაპირისპირებას კი ადასტურებს. რა მოხდა რეალურად და რისი გარკვევა მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ? სულხან მესხიძე მუშაობდა თემაზე
ქალი, რომელიც სავარაუდოდ, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია ამტკიცებს, რომ საკუთარ ავტომობილს თანამშრომელი შეგნებულად უზიანებდა. მტკიცებულება არ აქვს, თუმცა ეჭვობს, რომ ტრანსპორტს ის დაკაწრავდა, ვისაც წლებია არ ელაპარაკება. დაზარალებული ჩვენთან საუბრისას მომხდარის დეტალებს იხსნებს და ამბობს, რომ კაცი თანამშრომელი მას კაბინეტში ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი ფიზიკურად გაუსწორდა.
სიტყვიერ დაპირისპირებას ბრალდების მთავარი ადრესატი ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამტკიცებს, რომ კოლეგა მას უმიზეზოდ აბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია.
თავის დახურული ტრამვით და ტვინის შერყევის ნიშნებით ნაცემი ქალი სამედიცინო ცენტრ „მედინაში“ მოათავსეს, სადაც მას ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.
„TV 25“-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ დაპირისპირება თავდაპირველად სოციალური მომსახურების სააგენტოს ეზოში დაიწყო, კამათი კი კაცის სამუშაო კაბინეტში გაგრძელდა. ინციდენტში სულ ორი ადამიანი ფიგურირებდა. ქალი, რომელიც განწირული ხმით შველას ითხოვდა, მისი დახმარება არავის უცდია.
მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს. ისინი გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს