25, ივლისი 2019 20:30:00
წლის ბოლომდე ქალაქის მასშტაბით 100-მდე ჩიხი მოწესრიგდება. რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერია 33 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. სამუშაოებს თვითმმართველობა 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულებს. კეთილმოეწყობა მონაკვეთები ე.წ ჭაობის დასახლებაში , ბონი გოროდოკში , გონიო - კვარიათში, თამარის დასახლებაში. ჩამონათვალი გრძელდება, მას ფიქრია დავლაძის რეპორტაჟში ვიხილავთ
ეს ლადო ასათიანის ჩიხია. ტერიტორია 2020 წლის გაზაფხულამდე უნდა კეთილმოეწყოს. ბათუმის მერია მომდევნო წლის გაზაფხულამდე 100-მდე ჩიხს მოაწესრიგებს. ე.წ ჭაობის დასახლებაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაჟა ფშაველას მონაკვეთს , ასევე გიორგი ბრწყივალეს ქუჩას. მოეწყობა ბორდიულები, სანიაღვრე არხები, ჩიხებში დაისხმება ასფალტი.
ჩიხებისა და ქუჩების მიმდინარე სამუშაოები გურამიშვილის ქუჩასა და შესახვევში, მელიქიშვილის პირველ შესახვევსადა სააკაძის ქუჩასა და შესახვევში მიმდინარეობს. სამუშაოები ამ და კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე 2019 წელს დასრულდება.
ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველოში ამბობენ, რომ წყალარინების სისტემის მოწყობის შემდეგ, ქუჩებსა და ჩიხებში დამონტაჟდება გარე განათების ბოძებიც, ამ უკანასკნელის სამუშაოებს შპს ,,აჭარგანათება“ განახორციელებს.
ბათუმის მერიის მიერ კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით რამდენიმე ქუჩაზე ხორციელდება. ამ ეტაპზე ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
წყალარინების სისტემის მოწესრიგებას ბათუმის ქუჩებსა და ჩიხებში სპს ბათუმის წყალიც ახორციელებს. საერთო ჯამში 9 ქუჩაზე უკვე მოეწყო წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე მოსახლეობის დაერთებაც განხორციელდა.
ბათუმის ქუჩებისა და ჩიხების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიდან 33 მილიონ 332 ათასი ლარი დაიხარჯება.