30, ივლისი 2019 20:45:00
ამ ფონზე კი პროდუქტი, საწვავი და მედიკამენტები ძვირდება, ბაზარი კი მომხმარებლისგან ცარიელდება. რა იწვევს პროცესების ამგვარ განვითარებას და ველოდოთ უნდა თუ არა მდგომარეობის დასტაბილურებას? ექსპერტები საიმედოს ვერაფერს ამბობენ, ხელისუფლება კი თავის მართლების პოზიციაშია.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი უპრეცედენტოდ ძვირდება . თვითდასაქმებულების თქმით, პროდუქცია, რომლებიც დახლზე უდევთ, ასეთ ფასებში არასდროს აუღიათ. წუხან, რომ მომხმარებლისგან დაცარიელებული ბაზარი, ამ მიზეზის გამო, კიდევ უფრო, დაცარიელდა.
ყასაბების თქმით, ხორცის ფასმა, ბოლო ოცი დღის მანძილზე, ორი ლარით იმატა. თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ხახვი ოცი, პომიდორი 40, კიტრი 60, ლობიო 50, კარტოფილი კი 30 თეთრით გაძვირდა. ფასებმა შაქარზე, ბრინჯზე, ზეთზე და პურზეც იმატა.
ოპოზიცია ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის შეფასებით საქართველოს არ ჰყავს კომპეტენტური მთავრობ, რამაც ქვეყანა აქამდე მიიყვანა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, უმრავლესობას სამოქმედო გეგმა არ გააჩნია.
ეკონომიკის ექსპერტი ფასების ზრდას ლარის კურსის გაუფასურებასთან ერთად, ტურისტების ნაკადის შემცირებას და საწვავის ფასის ზრდასაც უკავშირებს. გიორგი კეპულაძის თქმით, მთავრობა სავაჭრო პროცესებში არ უნდა ერეოდეს, თუმცა ვალდებულია მდგომარეობის მოგვარების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
აჭარის მთავრობაში გვითხრეს რომ, საგანგაშო არაფერია და მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივნის თქმით, ფასების ზრდა ეკონომიკური შოკითაა გამოწვეული. ნიკა ჩხარტიშვილი გვარწმუნებს, რომ ხელისუფლებას პროცესების დასარეგულირებლად გარკვეული ნაბიჯები განსაზღვრული აქვს და მოკლევადიან პერსპექტივაში პროდუქტის ფასები და ლარის კურსიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
აჭარის მთავრობაში, ფასების რეგულირების ზუსტი დრო ვერ დაასახელეს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბარში გვითხრეს, რომ პროცესები ზოგად საფინანსო პოლიტიკაზეა დამოკიდებული