01, აგვისტო 2019 15:59:00
ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 770 ჰექტარზე გაშლილი დაცული ტერიტორია ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს (ისპანი I) და ქობულეთის აღკვეთილს (ისპანი II) მოიცავს. ის რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, მოზამთრე ფრინველების დასასვენებელ ჭარბტენიან ტერიტორიად ითვლება და მსოფლიო უნიკალურ პერკოლაციური ტიპის ტორფნარს წარმოადგენს.
ისპანის საოცრებანი – სფაგნუმის გუმბათი
მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში შეგიძლიათ იხილოთ. ის თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი, რომელიც არასდროს იფარება წყლით. წყალი სფაგნუმთან ერთად (რომელიც მსოფლიოში იშვიათი და გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე თეთრი ხავსია) ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს, ყოველგვარი ბორცვაკების გარეშე. გუმბათი შემოგარენიდან 4-5 მ-ით მაღლაა წამოწეული.
ისპანის ტორფნარი ჟანგბადის ამოუწურავი წყაროა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის წარმოქმნის ციკლში. გარდა იმისა რომ მას უდიდესი როლი აკისრია რეგიონული და ლოკალური კლიმატის რეგულაციაში, ისპანის ტორფნარები ქობულეთს წყალდიდობებისაგან იცავს. სფაგნუმის ხავსი ღრუბელივით ისრუტავს წყალს, რის გამოც მის მოცულობასთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობის წყლის დატევა შეუძლია. 1964 წელს სადრენაჟე არხის გათხრისას, ძვ. წ. IV და III ათასწლეულის მიჯნის დროინდელი ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი იქნა აღმოჩენილი.