ბორჯომის ისტორიულ პარკში შესვლა ტურისტებისთვის ფასიანია. ერთ ადამიანის ღირებულება ორ ლარს შეადგენს, ფასში მხოლოდ რეკრეაციული ზონის დათვალიერება შედის. ადგილობრივებისთვის კი პარკის ტერიტორიაზე გადაადგილება უფასოა.
ბორჯომელებისთვის დაწესებული შეღავათები ერთ-ერთი ადგილობრივის პროტესტს იწვევს. სალომე აბულაძისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე აწესებს ადმინისტრაცია შეღავათს, იმ ფონზე, როდესაც აიდი ბარათით პირის დაბადების ადგილის იდენტიფიცირება შეუძლეებელია.
„როგორც ადგილობრივს მიჩნდება პროტესტი. ვფიქრობ, რომ პარკში, იქ სადაც რეკრეაციული ზოლია ადამიანებს ფულს არ უნდა ახდევინებდნენ იმის გამო, რომ ისინი ბორჯომელები არ არიან. გარდა ამისა, ატრაქციონებზე ფასები იმდენად მაღალია, დამატებით ტერიტორიაზე შესვლის საფასურის დაწესება ზედმეტია და სირცხვილია“ - ამბობს სალომე აბულაძე.
- სახალხო დამცველი ბორჯომის პარკში ადგილობრივებისთვის დაწესებული შეღავათების მიზნობრიობას შეისწავლის
ბორჯომის ისტორიულ პარკში ადგილობრივებისთვის დაწესებულ შეღავათებზე სახალხო დამცველის აპარატმა შესწავლა დაიწყო. ფაქტი ომბუდსმენისთვის „TV 25“ -დან გახდა ცნობილი. აქ აცხადებენ, რომ დასადგენია, რის მიხედვით მიიღო მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება ტურისტებისთვის პარკში შესვლა ფასიანი, ხოლო ადგილობრივებისთვის უფასო ყოფილიყო.
„თავდაპირველად გაგვიჭირდება დეტალებზე საუბარი, ვინაიდან საკითხი შესწავლილი არ გვაქვს. მსგავსი თემების შეფასებისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორის გათვალიწინება, მაგალითად: ის განსხვავება, რაც შესაძლოა ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტული მიზნით მყოფ ადამიანებს შორის იყოს. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა პარკს შესაძლოა ყოველდღიური ცხოვრებისთვის იყენებდეს, შესაბამისად საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია ის მთავარი განსხვავებები დავინახოთ, რაც შესაძლოა ადგილობრივებს ტურისტებისგან ჰქონდეთ - აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე.
ეკატერინე მსხილაძის თქმით, უპირველესად შესასწავლია ის, რომ ტარიფი, რაც არის განსაზღვრული და ის შეღავათი, რაც არის დადგენილი ადგილობრივებისთვის რამდენად არის გამართლებული და რამდენად თანასწორ მდგომარეობაში არიან ადგილობრივები და ტურისტები.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე როგორც რიგით მოქალაქე თვლის, რომ გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია, თუმცა ბუბა ბერიძე აქვე დასძენს, რომ ეს მიდგომა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია აპრობირებული. მაგალითად მან საფრანგეთი მოიყვანა, თუმცა კონკრეტული ლოკაცია და ატრაქცია ვერ გაიხსენა. ბერიძემ ისიც თქვა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება ამჟამინდელ მმართველებს მემკვიდრეობით შეხვდა.
„მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ეს აპრობირებული მეთოდია, როგორც ევროპაში ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მართალია, ბევრი სანახაობა არ არის ამ პარკში, თუმცა სამომავლოდ ტერიტორიის განვითარებას ვაპირებთ. პარკს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები, რომ ხარჯები გაისტუმროს“- ამბობს ბუბა ბერიძე.
მერის მოადგილე ირწმუნება, რომ პარკის მოვლა პატრონობისთვის თანხა მხოლოდ ტურისტების ხარჯზე გროვდება. ადგილობრივებისთვის დაწესებულ შეღავათს მუნიციპალიტეტის მერია არ აფინანსებს, შესაბამისად ადმინისტრაცია დამატებით შემოსავალს ვერ ღებულობს.
საქმე ისაა, რომ ვიზიტორების იდენტიპიცირებას აიდი ბარათის მეშვეობით ცდილობენ, თუმცა მერის მაოდგილემ არ იცოდა, რომ აიდი ბარათზე პირის დაბადების ადგილის შესახებ ინფორმაცია არ არის დატანილი.
„არ ვიცი ზუსტად, მგონი პირადობით ამოიცნობენ ვინაა ბორჯომელი, აჯობებს პარკის ადმინისტრაციასთან დააზუსტოთ დეტალები“ - აცხადებს ბუბა ბერიძე.
„1100-ით, რომ იწყება პირადობის მოწმობა ვხვდებით, რომ ბორჯომელია“ - ამბობს, პარკის პიარ მენეჯერი, რომელმაც აღნიშნა, რომ სპეციალური ბაზა არ არსებობს, სადაც ადგილობრივთა მონაცემები იქნება თავმოყრილი.
„პირადობაც, რომ არ წარადგინოს ისედაც ვხვდებით ვინაა ბორჯომელი, ბორჯომი პატარაა. ადგილობრივები პარკში „საგულაოდ“ იშვიათად დადიან. აბა ტურისტი, რომ შემოდის ფული არ უნდა დახარჯოს? პარკს ხომ უნდა მოვლა პატრონობა?“ - ამბობს მარიამ ზაქაშვილი.
„არანაირი დისკრიმინაცია არ არის, ტურისტი რისთვის მოდის? უნდა დახარჯოს ფული, აბა სტუმრები რისთვის გვიხარია ჩვენ? თუ ყველგან უფასოდ უნდა შევიდნენ, მაშინ გავაღოთ ყველა კარი და „იგულაონ“, სადაც უნდათ“ - აცხადებს ბორჯომის ისტორიული პარკის პიარ მენეჯერი.
კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა - ასე აფასებენ მესამე სექტორში ბორჯომის ისტროიული პარკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.
"დემოკრატიის ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის მიხედვით ადამიანების კატეგორიებად დაყოფა ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციაა. გარდა ამისა, ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, არჩილ ხახუტაიშვილს უკვირს როგორ ახდენს პარკის ადმინისტრაცია ადგილობრივების გარჩევას აიდი ბარათებით.
მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ საქმე სახალხო დამცველმა უნდა შეისწავლოს.
- ბორჯომის ისტორიულ პარკში ტურისტებისთვის შესვლა 2 ლარი ღირს. გადაწყვეტილება 2016 წლიდან არის ძალაში. აიპს მუნიცპალიტეტის მერია ბიუჯეტიდან არ აფინანსებს.