18, აგვისტო 2019 21:09:00
სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამოქალაქო პირებმა აცნობეს.
სააგენტოს ცნობით, მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებულია სათავსო, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის მიწოდებული ფოტომასალიდან სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარეს სრულიად არ შეესაბამება და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.
"უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგების სამართლებრივი შეფასებისა და აღკვეთის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი სოფ. ტიმოთესუბანში 20 აგვისტოს გაემგზავრება. მონიტორინგის ვიზიტის მსვლელობაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაერთვება ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი, რომლის განმარტებით აღნიშნული ქმედების შესახებ არც ეპარქიას და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია. სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ.
ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.
მოწოდებული ინფორმაციისთვის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს და საზოგადოების წევრებს ამ ტიპის თანამშრომლობისკენ მოუწოდებს", - წერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.