ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

19, აგვისტო 2019 00:00:00

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია  მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღევლინება.  ფერიცვალების დღე თევზით ხსნილია.

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული  12 უდიდესი დღესასწაულის რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36). 

ამ დღეს მაცხოვრის სამმა მოწაფემ მაცხოვრის ღვთაებრივი დიდება და მარადიული ნათელი იხილეს, ასევე უფლის ხმა მოესმათ.

უფალმა კარგად იცოდა, რომ მოახლოებულ იყო დრო მისი ჯვარცმისა. მას სურდა, რომ თავისი მოწაფეებისათვის ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ნათელი, რათა ისინი არ დაბრკოლებულიყვნენ ჯვარცმული მაცხოვრის ხილვისას და სცოდნოდათ, რომ ეს საშინელი სასჯელი ქრისტემ საკუთარი ნებით მიიღო და არა უძლურების გამო.

მაცხოვარმა თავის მოწაფეთაგან სამი - პეტრე, იაკობი და იოანე გამოარჩია. მხოლოდ სამი თორმეტთაგან, რადგან ისინი მოციქულთაგან უმაღლეს საზომს იყვნენ მიღწეულნი - პეტრე სარწმუნოებით, იოანე - სიყვარულით, ხოლო იაკობი - მოწამეობით. და მათთან ერთად თაბორის მთაზე სალოცავად ავიდა.

სანამ იესო ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ.  გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: "მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა". ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ". შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: "აღდეგით და ნუ გეშინინ". როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.

თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი

მას შემდეგ, რაც უფალმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე, 20 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ დღემდე, ყოველ 19 აგვისტოს, უფლის ფერისცვალების დღეს,  მზიან, უღრუბლო ამინდში, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე თეთრი ქათქათა  ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. რომელსაც იქ მყოფი მორწმუნეები ხელით ეხებიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, ღურბელი ნელ-ნელა იფანტება. იგი კიდევ ერთხელ ახსენებს ადამიანებს იმ სახარებისეულ ღრუბელს, რომლიდანაც გაისმა ხმა მამისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი..."

  • ტროპარი:

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

  •  კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

ავტორი(ები)

164