კვირა 22, სექტემბერი 2019

უსახური კონსტრუქციებით ათვისებული პარკირების ადგილები - დარღვევებზე ქობულეთის მერია არ რეაგირებს

19, აგვისტო 2019 20:20:00

ახლა მოგიყვებით კანონდარღვევაზე, რომელზეც ქობულეთის მერია არ რეაგირებს. ტურისტულ ქალაქში ადგილობრივები საკუთარი სახლების წინ პარკირების ადგილებს თვითნებურად ხერგავენ. უსახური კონსტრუქციებით ქალაქის იერსახე მახინჯდება, კეთილსინდისიერი მძღოლები კი მანქანის გასაჩერებელ ადგილს უშედეგოდ ეძებენ. პრობლემა მუნიციპალიტეტში წლებია არსებობს, თუმცა ზედამხედველობის სამსახური მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. 

ტურისტულ ქალაქში, პარკირებისთვის განკუთვნილი ზოლი ადგილობრივებს თვითნებურად აქვთ დაკავებული. იმისათვის, რომ მძღოლებმა ავტომობილი კვების ობიექტების წინ არ გააჩერონ, შესასვლელები ტომრებით, სკამებით და რკინის კონსტრქუციებითაა ჩახერგილი. 

პრობლემას ისიც ართულებს, რომ ქალაქის ცალკეულ ადგილებში  არ არსებობს მანქანების სადგომები. ქვეითებისთვის განკუთვნილი ადგილები კი ავტომობილებს აქვთ ათვისებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვითარება ყოველ სეზონზე უცვლელია. 

პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობენ მესამე სექტორშიც. „დემოკრატიის ინსტიტუტში“ შესაბამისი უწყებების მიერ მონიტორინგისა და დროული რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

პრობლემის შესახებ იციან მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა კანონდამრღვევებს მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებენ. რატომ არ რეაგირებს ზედამხედველობის სამსახური მსგავს შემთხვევებზე მკაცრად და რატომ არ ათავისუფლებენ უსახური კონსტრუქციებისგან ტურისტულ ზონებს? მერიაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში მსგავსი პრობლემა ყოველწლიურად არსებობს მერიას პარკირების უკანონოდ შეზღუდვის გამო, არავინ დაუჯარიმებია. უწყებაში პირობას დებენ, რომ საკითხს მკაცრ კონტროლზე აიყვანენ და პრობლემას მოაგვარებენ. „მაცნე“ ამ თემას რამდენიმე დღეში კვლავ დაუბრუნდება.


დღის ამბები