ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

დაგვაში მარიამობის დღესასწაული იზეიმეს

28, აგვისტო 2019 21:20:00

მარიამობის დღესასწაული და წლების წინ დაწყებული ტრადიცია. ქობულეთში, სოფელ დაგვაში ადგილობრივები, ღვთისმშობლის მიძინების დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, სოფელს, წლების წინ მცხოვრები ბერძნებიც ესტუმრნენ.  სახალხო ზეიმად ქცეული მარიამობის დღესასწაული ვნახოთ სიუჟეტში. 

სოფელ დაგვაში ,,მარიამობის“ დღესასწაული ადგილობრივებმა წლებია სახალხო ზეიმად აქციეს. დღეს აქ მცხოვრებლების გარდა, მარიამობის დღის არსაღნიშნად სხვადასხვა სოფლებიდანაც ჩავიდნენ. უფრო მეტიც, ადგილზე წლების წინ მცხოვრები ბერძნები თავიანთ კერას დაუბრუნდნენ.

წირვა-ლოცვის შემდეგ დაგვაში სახალხო ზეიმი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ხელოვანები მონაწილეობდნენ. შესრულდა ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრებიც. ადგილზე მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების და სოფლის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. 

ის, რომ სოფელში დღესასწაულს განსხვავებულად ხვდებიან, აღნიშნავს ქობულეთის მერიც. მირიან ქათამაძის თქმით, წლების წინ დაწყებული ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და სახალხო ზეიმი მასშტაბური ხასიათის გახდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა, ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.


დღის ამბები