11, სექტემბერი 2019 01:21:00
ცოტა ხნის წინ, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც "TV 25"-ს თვითმხილველმა ადგილიდან აცნობა, ჩხუბის დროს ქალი ძირს ეგდო, რომელსაც თავის არეში სისხლჩაქცევები ჰქონდა. წყაროს ცნობით, დაშავებული ქალი პატრულის თანამშრომელმა აიყვანა და პირველადი დახმარება გაუწია.
ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა, სისხლიანი ხელსახოცები ყრია. ჩვენთვის უცნობია რა გახდა ფიზიკური ანგარიშწორების მიზეზი.
"TV 25"-ის სატელეფონო ზარებს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არ უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ პოლიციაში ჩხუბის ფაქტზე შევიდა შეტყობინება, მისამართზე მისულ პოლიციას ადგილზე ჩხუბის ფაქტი ან დაშავებული მოქალაქეები არ დახვდნენ, თუმცა შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.