პარასკევი 20, სექტემბერი 2019

ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან 18 წელი გავიდა

11, სექტემბერი 2019 09:34:00

2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე – პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი – ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

ტერორისტული აქტი მსოფლიოს იმჟამინდელი ნომერ პირველი ტერორისტის – უსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული. 11 სექტემბრის შემდეგ ის მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა. 

მისი ლიკვიდაცია აშშ-მ ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო.  

დღემდე 2977 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641 მსხვერპლი, მათგან 77% კაცი, 23% კი ქალია. ტერაქტს 87 ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა. 

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი 102 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღესაც ამბობენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო 102 წუთში ამოტრიალდა. ბოსტონის აეროპორტიდან ალ-ქაიდას ტერორისტების მიერ პირველი ბოინგის გატაცებიდან საათ-ნახევარში მანჰეტენზე მდგომი ორივე ცათამბჯენი თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოიშალა.

2001 წლის 11 სექტემბერის შემდეგ, ნიუ-იორკის 33 ათას მცხოვრებს პოსტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც, ჩვეულებრივ “ცხელ წერტილში” მოხვედრილ ადამიანებს ემართებათ.

დღეს მანჰეტენის სამხრეთით, გრინვიჩის ქუჩაზე, სადაც 18 წლის წინ მსოფლიოს ყველაზე დაცულ მეგაპოლისში ორი ცათამბჯენი ნანგრევებად იქცა, შავი მარმარილოს მემორიალი დგას. კედლებზე იმ ადამიანების სახელებია ამოტვიფრული, ვინც 11 სექტემბრის ტერაქტს ემსხვერპლა. ამერიკელი არქიტექტორის, პიტერ უოკერის მიერ აგებული მემორიალი სიმბოლურად ნგრევას გამოხატავს, ამიტომაც წყალი ქვებიდან ქვედა მიმართულებით ჩაედინება.

ნიუ-იორკში მხოლოდ 17 წლის შემდეგ, 2018 წლის 9 სექტემბერს გაიხსნა ტერაქტისას განადგურებული მეტროს სადგური.

ავტორი(ები)

241

დღის ამბები