30, სექტემბერი 2019 20:55:00
სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან რუსთავი 2 -დან წამოსული ჟურნალისტებიც. ნანუკა ჟორჟოლიანი და ნოდარ მელაძე ტელევიზიიდან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებენ. პაატა სალიას წინააღმდეგ ისინი ბრძოლას იწყებენ.
სამართლებრივი დავისთვის რუსთავი2-დან წამოსული ყველა ჟურნალისტი ემზადება, რადგან არხმა ხელშეკრულებები დაარღვია და დღემდე კუთვნილ ხელფასს არ აძლევენ. ამბობენ, რომ იმ ყოფილ თანამშრომლებს, რომლებმაც დატოვეს საპენსიო სქემა, პაატა სალია არც - კუთვნილ უკვე დაგროვებულ პენსიას ურიცხავს.
ჟურნალისტების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა“ დაიცავს, სადაც ამბობენ, რომ რეპორტიორებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისათვის ჟურნალისტები არ უნდა იდევნებოდნენ, არ უნდა ირღვეოდეს შრომის კოდექსი და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა
რუსთავი 2-ის იურისტი კი ამბობს, რომ ყოფილი თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებები არ დარღვეულა. სალომე ჭელიძის განცხადებით, მელაძის და ჟორჟოლიანის გათავისუფლება კანონიერი საფუძვლით მოხდა, რაც ფინანსურ დარღვევას გულისხობს.
შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი ნანუკა ჟორჟოლიანი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, 21 აგვისტოს კი ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით კურიერის ჟურნალისტებმაც დატოვეს.
მადლობა გულნარა, ეს გულანარა ლეფსაია იყო. მე აქვე გეტყვით, რომ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერება გაასაჩივრა. დოკუმენტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე აწერს ხელს, სასამართლოში უკვე გაიგზავნა.