16, იანვარი 2017 11:31:00
72%-ს შეადგენს საქართველოში იმ გამოკითხული მოსახლეობის რიცხოვნობა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ცოტათი ნაკლები, 61% ფიქრობს, რომ საქართველო ნატოს ნაწილი უნდა გახდეს. რაც შეეხება მონაცემებს რეგიონებში - საერთო პროცენტული მონაცემები დაბალია, თუმცა უმრავლესობა ევროკავშირის მომხრეა. რეგიონებში ეს ოჯახი მიუღებელი 29%-საა. 24%-კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. ევროატლანტიკური კურსის მომხრეები ძირითადად 18-დან 55 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან. მონაცემები ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს ეკუთვნის.
რა რჩება მთავარ პრობლემად საზოგადოებისთვის, NDI-მ საზოგადოების აზრი კიდევ რამდენიმე კომპონენტში გამოიკვლია. შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხული მოსახლეობის 58%-თვის ყველაზე დიდი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა, მას 38%-ით ფასები და ინფლაცია მოსდევს, გამოკითხული მოსახლეობის 30% კი სიღარიბეზე საუბრობს. პრობლემურ საკითხებს შორის მცირედი სხვაობაა რეგიონების მიხედვით. პირველ სამეულში მოხვდა ქუთაისში პენსიები, ბათუმში ხელფასები, ზუგდიდში ტერიტორიული მთლიანობა, ახალციხეში კი ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება.წინა კვლევის მსგავსად მოსახლეობის უმრავლესობა, 66% თავს კვლავ დაუსაქმებლად მიიჩნევს, ეს მდგომარეობა კი ბოლო რამდენიმე წელია უცვლელია.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, მოსახლეობის 52% თვლის, რომ ადგილობრივი თითმმართველობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს, 44% კი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ეს დედაქალაქის მდგომრეობაა. ქუთაისში მოსახლეობის 34% აფასებს თვითმმართველობის საქმიანობას დადებითად, 61%-თვის კი უწყების საქმიანობა მათ ინტერესებს არ ატარებს. რაც შეეხება ბათუმს, აქაც მოსახლეობის უმრავლესობა, 51% თვლის, რომ ქალაქის მერია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკას არ ატარებს.
რაც შეეხება საკრებულოებს, NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 86 %-ს, ბოლო 12 თვის განმავლობაში, საკრებულოსთან შეხება არ ჰქონია, ხოლო 67 %-ს მერიასთან. გამოკითხულთა 37% საკრებულოს მუშაობით კმაყოფილი, 23% კი უკმაყოფილოა.