საქართველოს ნაკრები დღეს მიმდინარე მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" ფუკუროიში ავსტრალიას შეერკინებიან.
საქართველო
"ბორჯღალოსნებმა" 3 ოქტომბერს დიდი იმედგაცრუება განიცადეს. მილტონ ჰეიგი ძალიან დიდი ხანი ამტკიცებდა, რომ მათი მიზანი მსოფლიო თასზე ორი თასის მოგება და შესაბამისად, ფიჯისთან გამარჯვება იყო, თუმცა სულ სხვა სურათი ვიხილეთ. ფიჯიმ ყველა სათამაშო კომპონენტში, მათ შორის მოლებში და შერკინებაში გვაჯობა, შესაბამისად დიდი სხვაობით, 45:10 აბსოლუტურად დამსახურებულად იმარჯვა. ჩვენმა ნაკრებმა კი, ფაქტობრივად მესამე ადგილის შანსი დაკარგა და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ავსტრალიასთან იმარჯვებს.
საქართველოს ნაკრებისთვის ამ თამაშიდან რაიმე პოზიტიურს თუ გამოვყოფდით, ეს მამუკა გორგოძის ლელოა, რომელმაც მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზა და ულელოოდ არც იაპონია არ დატოვა. მამუკა "ვოლაბებთან" ძირითადში იქნება და ეს მისთვის მე-15 მატჩი იქნება პლანეტის პირველობებზე, რითაც მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდება.
ბოლო შეხვედრას ჩაატარებს და საერთოდ კარიერას დაასრულებს გიორგი ნემსაძე, რომელიც ასევე სასტარტოშია. შალვა სუთიაშვილი კი, რომელიც დიდი ალბათობით ასევე სანაკრებო კარიერას დაასრულებს, განაცხადში არ იმყოფება.
საინტერესოა, რომ ძირითადში არაა ჯაბა ბრეგვაძე, რამაც გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია. მიზეზი მარტივია, ჯაბა ერთადერთი მოთამაშეა საქართველოში, რომელიც სუპერ რაგბიში თამაშობს, ორი წელია "ვორათასის", "ბრამბიზის", "რებელსის" და "რედსის" წინააღმდეგ თამაშობს და შესაბამისად, ავსტრალიურ რაგბის იდეალურად იცნობს. ასევე ძალიან გასაკვირია, რომ განაცხადში არაა ლევან ჩილაჩავა, რომელიც ამ მსოფლიო თასზე ქართველ ბურჯთაგან აშკარად გამორჩეული იყო, თუმცა ცოტა სათამაშო დრო მიეცა.
ფიჯისთან წაგებული (10:45) შეხვედრის შემდეგ, სასტარტო თხუთმეტეულში ორი ცვლილება მოხდა: მესამეხაზში გიორგი თხილაიშვილი ბექა საღინაძემ ჩაანაცვლა, ხოლო ცხრა ნომრის პოზიციაზე ვასილ ლობჟანიძე გელა აფრასიძემ შეცვალა. გარდა ამისა, მარქაფაში ლევან ჩილაჩავას და მირიან მოდებაძის ნაცვლად, მარქაფაში გიორგი მელიქიძეს და თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.
წყარო : myrugby.ge