"რატომ ვწევარ ლოგინში? მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ლიბერალებმა",- ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებულმა დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა, „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჯიშკარიანი ბრალდებებს "შავ პიარს" უკავშირებს. მისი თქმით, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე თამთა თოდაძე ცრუობს და შეურაცხყოფა თოდაძემ ჯიშკარიანს მიაყენა და არა პირიქით.
"ყველაფერი მან დალეწა და აი იმ თავის დალეწილში აიხლართა. მე პატრული, რომ გამომეძახებინა რა დეპუტატი ვიქნები?! კარგი ერთი პრინტერი გადმოაგდო და შეურაცხყოფა მომაყენა, მე ხომ არ ვიცოდი აქეთ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა. მეორე დღეს მე ველოდებოდი ბოდიშით მოვიდოდა", - განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.
ძალადობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა და დეპუტატს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.