21, ოქტომბერი 2019 20:45:00
მოქალაქე, რომელიც თავს სახელმწიფოსგან გარიყულად თვლის. შოთა ჩიქოვანი წლებია არაერთ უწყებას დახმარებას უშედეგოდ თხოვს. ადგილობრივი ირწმუნება, რომ მემკვიდრეობით მიღებული მიწა საჯარო მოხელეებმა მითვისეს, უკან დაბრუნებას კი ამ დრომდე ვერ ახერხებს. გონიოში მცხოვრებს ახლა მედიის იმედი აქვს, რომლითაც ხმის მიწვდენა ცენტრალური ხელისუფლებისთვის სურს.
შოთა ჩიქოვანი ირწმუნება, რომ გონიოს ყოფილი კოლმეურნეობის ტერიტორიაზე 4300 კვმ მიწის ნაკვეთი 1994 წლიდან მისი ოჯახის საკუთრებაშია. როგორც ადგილობრივი ამტკიცებს, ტერიტორიის ნაწილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უკანონოდ აქვს მითვისებული, მისივე თქმით, უწყებამ იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ნაკვეთი კანონიერად ეკუთვნის, ვერ წარმოადგინა.
შოთა ჩიქოვანი ამბობს, რომ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 2011 წელს შეუჩერდა და ეს ნაკვეთი, სამ საჯარო პირზე, ერთი დღის განმავლობაში გადანაწილდა. მისივე თქმით, ამ დროიდან მოყოლებული საკითხზე დაობს და თვლის, რომ საქმე ხელოვნურად იწელება.
ჩიქოვანი ითხოვს, რომ მისი პრობლემით რეგიონის და ქვეყნის პირველი პირები დაინტერესდნენ. სურს, რომ სახელმწიფო კომისია გამოიყოს, დაუდგინდეს საკუთრების მფლობელობა და დამნაშავეები გამოვლინდნენ.
ამ დროისთვის საქმეზე დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.