ხელისუფლება რჩეულ კანდიდატებზე შეჯერდა. ქართულმა ოცნებამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატები წარადგინა. სოსო სტურუა, რომელიც მედიასაშუალებას რამდენიმე წლის წინ ხელმძღვანელობდა და რომლის სახელს თამანშრომლების პროტესტი უკავშირდება . თამილა დოლიძე, რომელიც ტელევიზიის მოქმედი თანამშრომელია და სახელისუფლებლო გუნდის წევრის , ილია ვერძაძის ოჯახის ნათესავია. მისი და კი ხელვაჩურის საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატია. რატომ გააკეთდა არჩევანი დოლიძისა და სტურუას კანდიდატურებზე?
ასე წარმოედგინა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება მაუწყებლის იმ დროინდელ დირექტორს. სოსო სტურუას მიერ სარედაქციო საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის მცდელობაზე მაუწყებლის ჟურნალისტები, მისი დანიშვნიდან დაახლოებით ერთ წელში, საჯაროდ, ხმამაღლა ალაპარაკდნენ. მაშინდელი საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დღეს, ჩვენთან სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა 2013 წელს, სტურუას მმართველობას ირინა ყურუა ღიად უპირისპირდებოდა.
მოგვიანებით იყო საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერების მიერ, პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებაც. სოფო ჟღენტი ამბობდა, რომ ჯგუფები გადაღებაზე ისე გადიოდნენ, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, საინფორაციო გამოშვებაში კი ხვდებოდა ისეთი ამბები, რომელიც მმართველი გუნდის პიარ საქმიანობას უფრო გავდა. სოფო ჟღენტი პარალელს მაშინდელ მოახლოებულ არჩევნებსა და 2020- ზე ავლებს. ამბობს, რომ ბორდი მმართველი გუნდისთვის მისაღები ადმიანებით დაკომპლექტდება და ისეთ დირექტორს აირჩვენ, რომელიც ქართული ოცნებისთვის იქნება მისაღები.
ძალების გადასინჯვა წინასაარჩევნოდ - ასე უწოდა სტურუას პერიოდში მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს მთავარი საინფორმაციო გამოშვების მაშინდელმა პროდიუსერმა. ქეთი დუმბაძე ამბობს, რომ დღესაც ხელისუფლებას იგივენაირად სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მოშლა.
სოსო სტურუას ბორდის წევრობაში რისკებს ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ტელეკომპანიაში სტურუს მმართველობის პერიოდს იხსენებენ და სამომავლოდ სიტყვის თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებენ.
სოსო სტურუას კანდიდატურა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება აჭარამ“ წარადგინა. კანდიდატი მოსწონს თავად ფრაქციის თავმჯდომარეს და ამბობს, რომ სწორედ მისი დირექტორობის დროს იყო არხი დაბალანსებული.
კიდევ ერთი კანდიდატი ვისაც უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ფრაქციამ დაუჭირა მხარი, აჭარის რადიოს მოქმედი თანამშრომელია. თამილა დოლიძე დეპუტატ ილია ვერძაძის ნათესავია.
დღეს ,,მაცნესთან“ კომენტარის გაკეთება არც სოსო სტურუამ და არც თამილა დოლიძემ არ ისურვა. ცნობისთვის, თამილა დოლიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასმოითხოვდა. გახდებიან თუ არა ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრები, ეს ხვალ, უმაღლეს საბჭოში ჩანიშნულ სხდომაზე გადაწყდება.