25, ოქტომბერი 2019 12:02:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების აქციაში ასევე, ჩართულები იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების სამსახური, მცხეთა-მთიანეთის გუბერნია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია და სასაზღვრო პოლიცია.
მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის, ვინაიდან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია. ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული; დანარჩენი ტერიტორია კი, ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უჭირავს.
ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,400 მ-ზე მდებარეობს.