29, ოქტომბერი 2019 11:02:00
განგაში პირველ კლასიკურ გიმნაზიაში- თითქმის ერთი კვირაა, რაც მშობლები ბავშვებს სკოლაში ბოლომდე აცილებენ და ზოგიერთი მათგანი გაკვეთილების დამთავრებამდე გარეთ უცდის. მშობლების განსაკუთრებული მობილიზება და შეშფოთება გასულ კვირას მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია.
გასულ ოთხშაბათს სკოლის პირველკლასელი მოსწავლის გატაცება, შუახნის კაცმა მიწისქვეშა გადასასვლელიდან სცადა.იმ მომენტში, როდესაც კაცი არასრულწლოვანის მოტყუებით წაყვანას ცდილობდა, სავარაუდო გამტაცებელმა ვერ დაინახა, რომ ბავშვი ბებიასთან ერთად იყო. უცნობის საეჭვო ქცევის გამო ბებიამ ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ტელეკომპანია "მთავარის" ცნობით, დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული. კომენტარს არ აკეთებს პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თუმცა მომხდარ ფაქტს ადასტურებენ მშობლები და პედაგოგები.