ამორტიზებული გზა, არ არსებული სანიაღვრე სისტება ,გარე განათების გარეშე დარჩენილი სოფელი ქალაქის ცენტრიდან რამოდენიმე კილომეტრში, სადაც მოსახლეობას ცხოვრება რთულ პირობებში უხდება. სოფელ კილიეთში მცხოვრებლების ყოფა ზამთრობით უარესდება, დაპირების მიუხედავად წლიდან წლამდე ვითარება არ იცვლება. ჩვენი რეპორტიორი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს.
უხვი ნალექის შედეგად, განვითარებულმა მეწყერულმა პროცესებმა სოფელ კილიეთში მცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა. კლდის ჩამოწოლამ საავტომობილო გზის ნაწილი შეავიროვა და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი გახადა. გზა, სადაც მანქანები მოძრაობენ გაბიონის მშენებლობას საჭიროებს.
მირზა სარიძე გვიყვება,რომ უხვი ნალექის შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც შიდა სასოფლო გზაზე ავტომობილით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. სოფელში ამ დრომდე არ გამოჩენილამ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, შესაბამისად გზა მიწის მასისგან ამ დრომდე არ გათავისუფლებულა.
სოფელში მცხოვრებლები გარე განათების არ არსებობაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მომრავლებული გარეული ცხოველების ფონზე გვიან ღამით გადაადგილება უჭირთ. მათივე მტკიცებით, ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, პრობლემა არ მოგვარებულა.
პრობლემას კარგად იცნობენ ხელვაჩაურის მერიაში, თუმცა რატომ ვერ გაწმინდეს მიწის მასისგან შიდა სასოფლო გზა? მუნიციპალიტეტში ვერ გვპასუხობენ. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება პრობლემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჩვენ აღნიშნულ თემაზე სიუჟეტის მომზადება გადავწყვიტეთ. მერიაში პირობას დებენ, რომ სოფლის პრობლემას ხვალვე შეისწავლიან.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს გაბიონის მშენებლობისთვის ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია და ამისთვის ბიუჯეტში არც საჭირო თანხებია გათვალისწინებული.
ხელვაჩაურში, სოფელ კილიეთის დასახლებაში გარესამყაროს 30-მდე ოჯახია მოწყვეტილი, რომლებიც დახმარებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.