05, ნოემბერი 2019 21:06:00
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. სულხან მესხიძე გვიერთდება თემის დეტალებით და უფრო მეტს ის მოგვიყვება.
ყოფილი ქმარი, რომ ფსიქოლოგიურად ძალადობდა დეპუტატზე ამის შესახებ სოფიო კილაძე ხმამაღლა დღეს ალაპარაკდა, თუმცა იგი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს. ამბობს, რომ ამით, გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას უფრთხილდება. დეპუტატი ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს. ყოფილ ქმარზე შემაკავებელი ორდერია გამოცემული, საქმეს კი პოლიცია ამ დრომდე იძიებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეზე განხორციელებული ფიქოლოგიური ძალადობის ფაქტს დილიდან პოლიტიკურ წრეებში აქტიურად აფასებდნენ. „დეპუტატიც ჩვეულებრივი ადამიანია და მას შესაძლოა, პირად ცხოვრებაშიც პრობლემები შეექმნას - ასე გამოეხმაურა თანაგუნდელის ინციდენტს გია ვოსკი. კანონმდებელს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ყველამ ერთად უნდა დავგმოთ და მომხდარზე შესაბამისი რეაგირება დროულად უნდა მოხდეს.
რომან კაკულიას კი მიაჩნია, რომ ძალადობის შემთხვევებზე ხშირად საუბარი არ არის სასურველი, რადგან ამით მსგავსი ფაქტების წახალისება ხდება. ირწმუნება, რომ თანადუნდელის საქმე დეტალურადაა შესწავლილი და ყველა კითხვაზე პასუხი მალე გახდება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალადობის ფაქტები გახშირდა და საკანონდებლო ორგანოში კონკრეტული საქმეების გამოძიების მიზნით კომისიებიც შეიქმნა მსხვერპლს ხშირად საკუთარი ოჯახის წევრების წინააღდეგ წასვლა უჭირს - ამბობს დეპუტატი ეკა ბესელია და ამბობს, რომ პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.
დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის სოფო კილაძის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა მიუღებელია. „ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ ტოლერანტული ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა",- დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.