27, ნოემბერი 2019 19:02:00
ცხოვრება რთულ ვითარებაში და ხელისუფლება, რომელიც პრობლემებზე ვერ რეაგირებს. ახლა უნდა მოგიყვეთ ქედაში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე, რომელსაც მედიკამენტების შეძენის ფულიც კი არ აქვს. რას პასუხობენ სოციალურად დაუცველებს მუნიციპალიტეტის მერიაში? ჩემი კოლეგა გიამბობთ
სოფელ ოქტომბერში მცხოვრები ჩხიკვაძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც ორ წევრი ცხოვრობს ცუდ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით ავარიულ ვითარებაშია ნახევრად ჩამოშლილი აივანი. დიასახლისი, რუსუდან ტაბახია გვიყვება, რომ ვითარება გაუსაძლისი ცუდ ამინდში ხდება, რადგანაც სიძველით დეფორმირებული სახლი მერყეობას განიცდის.
ჩხიკვაძეების სოციალურ ყოფას განსაკუთრებით აქ მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ართულებს. პრობლემები აქვს რუსუდანს, მუდმივ მკურნალობაზეა მისი შვილი სერვეთიც. ამბობს, რომ ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდებათ, უფულობის გამო, კი წამლების შეძენას ვერ ახერხებს.
უკიდურესად შეჭირვებული ოჯახის შემოსავალი რუსუდანის ხელფასია, რომელიც სახელმწიფოს მიერ, არსებობისთვის საჭირო გათვლებს - საარსებო კალათას არ აღემატება. სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და 115 ლარი აქვს ხელფასი. ოჯახის მარჩენალი ერთადერთი ძროხაც წლების წინ დაეკარგათ და ახლა მათი მთელი სიმდიდრე ძველი ტელევიზორი, მაცივარი და მწყობრიდან გამოსული სავარძლებია. საარსებო შემწეობის აღდგენას ითხოვენ, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ,23 სექტემბერს, ოჯახის ხელახალი გადამოწმების შედეგად შეწყდა.
რატომ ვერ ეხმარება რთულ ვითარებაში მყოფ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება და რა გახდა საარსებო შემწეობის მოხსნის მიზეზი? კითხვით ქედის მერიასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურს მივმართეთ, თუმცა არც ერთმა უწყებამ სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მერიაში გვითხრეს, რომ ჩხიკვაძეებს დასახმარებლად წერილობით არ მიუმართავს, რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, აქ განაცხადეს, რომ დეკლარაციის შევსებისას ოჯახს ჯანმრთელობის ცნობა არ უჩვენებია და იმ შემთხვევაში თუ 23 დეკემბრამდე შესაბამის ცნობას წარადგენენ დეკლარაციაში ცვლილებები შევა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ოჯახის სარეიტინგო ქულა.