29, ნოემბერი 2019 21:52:00
მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. ლევან ქამადაძე უწყების წარმომადგენელს დამნაშავის მფარველობაში სდებს ბრალს. აფარებს თუ არა ხელს საქმის გამომძიებელი პირს, რომელმაც როგორც ქამადაძე ყვება, სამსახურში მოპედით მიმავალს მსუბუქი მანქანით დაეჯახა ? სიუჟეტიდან გაიგებთ
30 სექტემბერს, ლევან ქამადაძე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. გვიყვება, რომ სამსახურში მოპედით მიმავალს მსუბუქი მანქანა დაეჯახა, რომლის დროსაც ფეხი დაუზიანდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით არც კი დაინტერესებულა.
ლევან ქამადაძის თქმით, თვითმხილველების დახმარებით ბრალდებულის ვინაობა დაადგინეს და მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად დახმარება სთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა.
როგორც დაზარალებულის მეუღლე ყვება, საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროს 2თვის წინ მიმართეს, თუმცა პასუხი დღემდე ვერ მიიღეს. მისივე თქმით, საქმის გამომძიებელი დამნაშავეს ხელს აფარებს, რის გამოც პროცესი ჭიანურდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სიტყვიერად განმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნები სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდება და ოჯახი საბოლოო პასუხს კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს.