აჭარის ტელევიზიაში დაპირისპირება პიკს აღწევს - მუქარა, შანტაჟი და მოსალოდნელი გათავისუფლება
საზოგადოება
მუქარა, შანტაჟი და მოსალოდნელი გათავისუფლება. აჭარის ტელევიზიაში დაპირისპირება პიკს აღწევს. თანამშრომლები ახლად დანიშნული დირექტორის მხრიდან, ჟურნალისტების მისამართით არაკორექტული ლექსიკის გამოყენებაზე საუბრობენ. ამასთან ისინი კოხრეიძის მიერ მუქარის შემცველ მესიჯებსა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მითითებაზე საუბრობენ. გიორგი კოხრეიძემ ტელევიზიის თანამშრომლებთან პირველი შეხვედრა ორი დღის წინ გამართა. როგორ პასუხობს თავად კოხრეიძე უმძიმეს ბრალდებებს, ვნახოთ სიუჟეტი.
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები, ახლად დანიშნული დირექტორს ლექსიკას უწუნებენ. მედიასაშუალების წარმომადგენლები, ჟურნალისტებთან ორი დღის წინ გამართულ პირველ შეხვედრაზე, გიორგი კოხრეიძის მხრიდან, მათი მისამართით მკვეთრად გამოხატულ უარყოფით განწყობებზე საუბრობენ.
ჟურნალისტები, ყურადღებას, კოხრეიძის მიერ მუქარის შემცველ მესიჯებზე ამახვილებენ. თეონა ბაკურიძე ამბობს, რომ საინფორმაციო გამოშვების გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის დათმობას არ აპირებს. წამყვანის თქმით, კოხრეიძეს შანტაჟის, მუქარისა და არასწორი საუბრის ნაწილში უკან დახევა მოუწევს.
ჟურნალისტები კოხრეიძის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მითითებაზე საუბრობენ. ირინა ყურუას თქმით, თათბირზე ახლად დანიშნულმა დირექტორმა, თავისი გადაცემის კითხვების ერთობლივად ფორმულირებისა და სტუმრების მასთან შეთანხმებისკენ მიანიშნა.
თავად, გიორგი კოხრეიძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, შეხვედრაზე მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ირწმუნება, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს და ვინც ერევა იმის ჩამოშორებას გეგმავს.
კოხრეიძე ტყუილს უწოდებს ნათია ზოიძის იმ განცხადებას, თითქოს, აჭარის ტელევიზიის დირექტორი მას სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.
თავად ნათია ზოიძე „TV 25“-ის კითხვებს გაურბის. იგი ჩვენი კამერის წინ სასაუბროდ დღეს, მზად არ აღმოჩნდა. ინტერვიუ ორი დღის წინ მხოლოდ ერთ-ერთ მედიასაშუალებას მისცა. პირად საუბარში კი გვითხრა, რომ ამ თემაზე განცხადებები უკვე გააკეთა და ამ ეტაპზე პოლემიკაში შესვლას აღარ აპირებს.
გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ ნათია ზოიძისთვის, ყოფილი დირექტორის მიერ, მინიჭებული უფლებამოსილება იურიდიულად გაუმართლებელია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თქმით, ადმინისტრაცია სარედაქციო პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს და ზოიძის ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე იურისტი უკანონოს ვერაფერს ხედავს. თუმცა, ირაკლი შავაძე ხელშეკრულების იმ ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომელიც მხარეებს შორის სადავოა, სასამართლოს გზით გარკვევას ურჩევს.