02, დეკემბერი 2019 20:35:00
16 წლის საბა ახლა მოცარტის მეთერთმეტე სონატას ასრულებს. ახალგაზრდა პიანისტს ნაწარმოები განსაკუთრებით უყვარს. ამბობს, რომ ეს ის ნამუშევარია, რომელიც მასთან ყველაზე ახლოსაა.
უკრავს ბავშვობიდან. 6 წლის ასაკიდან სამყაროს მუსიკით საკუთარ განწყობას უზიარებს. განსაკუთრებით კლასიკა უყვარს. ნოტებისადმი სიყვარული 3 წლის ასაკში იგრძნო. ამას მაშინ მიხვდა, როცა მაღაზიაში შესულმა არჩევანი სათამაშოების ნაცვლად მუსიკალურ ინსტრუმენტებზე გააკეთა.
ნოტებთან კეკლუცი, ბობოქარი ემოცია და სიმშვიდე მინორში -ამ სივრცეში დღის განმავლობაში დაახლოებით 5 საათს ატარებს. ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის მეათე კლასის მოსწავლისთვის პროცესი ერთგვარი თერაპიაა. ამბობს, რომ მუსიკა შთაგონების წყარო და განწყობის ინდიკატორია.
ინგა ბოცვაძე საბას პედაგოგია. ერთმანეთთან 5 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ამბობს, რომ ყველაზე მთავარი, რაც ახლგაზრდა პიანისტს აქვს - მუსიკის შეგრძნებაა.
ეს კი საბას სამუშაო ოთახია. პიანისტის სახელს 100-მდე სიგელი უკავშირდება. ამერიკა, გერმანია, ესპანეთი, იტალია, თურქეთი,
აზერბაიჯანი, ლიტვა-ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, საიდანაც ახალგაზრდა შემოქმედი ჯილდოებითა და გრანპრით დაბრუნდა.
უახლოეს მომავალში პიანისტი საკონცერტო ტურნეთი იტალიაში წასვლას გეგმავს.