06, დეკემბერი 2019 17:21:00
ქრთამის აღების არაერთი ფაქტი ქედაში. გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დააკავა. ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 6დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის კი ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა, რომ სპეციალისტმა ფული აიღო. ახლა ისინი გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი 2 ათას ლარად უნებართვო მშენებლობის მფარველობას ჰპირდებოდა. ტარიელ თურმანიძე სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე აიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტი მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენდებოდა.
ქედის მერიის თანამშრომელი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გუშინ ბათუმში დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებული თბილისში გადაიყვანეს.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულთან მხოლოდ რამდენიმე წუთიანი კომუნიკაცია ჰქონდა, რადგან ტარიელ თურმანიძე შეხვედრიდან რამდენიმე წუთში თბილისში გადაიყვანეს. ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ რომ ბრალის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას.
მიზეზი, რის გამოც სუსმა ქედის თანამშრომელი აიყვანა, გაუგებარია ქედის მერის პირველი მოადგილისთვის. როლანდ ბერიძეს უჭირს გაგება, რატომ უნდა აეღო ქრთამი ტარიელ თურმანიძეს. კადრებზე საუბარი არ სურს. აცხადებს, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდება.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.