09, დეკემბერი 2019 21:27:00
1 ტონამდე უვარგისი ხორცი - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში, ცხოველთა სასაკლაოზე აღმოჩენილი საკვები პროდუქტი გაანადგურა, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შესულიყო. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
გურიაში, ცხოველთა სასაკლაოზე აღმოჩენილი უვარგისი ხორცი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მტკიცებით, დღეს აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შემოეტანათ. ვადაგასული ხორცი, ეტიკეტისა და საბუთების გარეშე კომპანია "სოფოს" ეკუთვნის. ორგანიზაცია 1000 ლარით უკვე დააჯარიმეს.
კომპანია "სოფოს" წარმომადგენლები, რომლებიც ხორცს აფასოებდნენ, ამტკიცებენ, რომ ეტიკეტი უბრალოდ წაიშალა და პროდუქტი ვარგისიანია. კონკრეტულად, საიდან არის ხორცი შემოტანილი, ამ ეტაპზე, უცნობია.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ სად მიდიოდა აღმოჩენილი ხორცი. ჩვენს მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აჭარის არცერთ მუნიციპალიტეტში კომპანია ,,სოფოს“ მომსახურებით არ სარგებლობენ. ბათუმის სკოლამდელ დაწესებულებებს ხორცით კი შპს ,,მანუჩარი“ ამარაგებს, რომელიც შპს „სოფოს“ ქვეკონტრაქტორია, ამ გარემოების მიუხედავად, გაერთიანებაში ირწმუნებიან, რომ პროდუქტი ყოველდღიურად მოწმდება და შესაბამისი ეტიკეტის გარეშე ხორცი ჯერ არ მიუღიათ.
ირკვევა, რომ სწორედ ეს კომპანია მიმდინარე წლის დასაწყისში ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებს რძის პროდუქტებით ამარაგებდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ნაწარმი მაღალი ცხიმიანობით ხასიათდებოდა, რის გამოც ექსპერტიზის კვლევის საფუძველზე ორგანიზაციას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
გურიაში, აღმოჩენილი უვარგისი ხორცის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან რამდენიმე წლიან პატიმრობას გულისხმობს.