12, დეკემბერი 2019 12:33:00
მენინგოენცეფალიტის ვირუსით საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ბათუმიდან თბილისში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაცია TV25.GE-ს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიაწოდეს. მათივე ინფორმაციით, სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკლამყოფილებელია და დადებითი დინამიკა ფიქსირდება.
აღსაზრდელი, დედაქალაქში ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებაა. ის შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორეული (რომელიმე დაავადების ფონზე განვითარებული). პირველადს მიეკუთვნება ეპიდემიური, ტკიპისმიერი, კოღოსმიერი, ენტეროვირუსული, ჰერპესული და სხვა ენცეფალიტი. მეორეული ენცეფალიტი კი აღმოცენდება გრიპის, წითელას, თავის ტვინის აბსცესის, ოსტეომიელიტის, ტოქსოპლაზმოზისა და სხვა დაავადებების ფონზე. გამომწვევი მიზეზებისა და განვითარების მექანიზმის მიხედვით განარჩევენ ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ, ალერგიულ და ტოქსიკურ ენცეფალიტებს.
არსებობს შემოფარგლული (ღეროვანი, ქერქქვეშა) და დიფუზური ენცეფალიტი. შესაძლოა დაზიანდეს თავის ტვინის რუხი ნივთიერება (პოლიოენცეფალიტი), თეთრი ნივთიერება (ლეიკოენცეფალიტი) ან ორივე ერთად (პანენცეფალიტი). მიმდინარეობის კვალობაზე განარჩევენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ენცეფალიტს. ეპიდემიური ენცეფალიტი. დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით ვრცელდება. ვირუსი ორგანიზმში ცხვირ-ხახიდან აღწევს. მისი ინკუბაციის პერიოდი 1-14 დღეა. ეპიდემიურ ენცეფალიტს ახასიათებს ვირუსის ჰემატოგენური დისსემინაცია (სისხლით გავრცელება) და პათოლოგიურ პროცესში შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით - ღვიძლის, ჩართვა. ვირუსი ლიმფური გზით ან პრენევრალურად ვრცელდება.