ქართული ოცნება სამზადისშია. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას ხვალ 14 დეკემბერს მმართველი ძალა დედაქალაქში გრანდიოზული ფართომასშტაბიანი აქციით გეგმავს. პარტიული ღონისძიების ფარგლებში ხალხის მობილიზება უკვე დაიწყეს. მესამე სექტორი ზეწოლისა და იძულების ფორმებზე ალაპარაკდა. როგორ აფასებენ ფაქტს ოპოზიციაში და რა პასუხები აქვთ მმართველ გუნდში? ნინია მესხიძე გიამბობთ «ქართული ოცნება“ დედაქალაქში, ხვალ, პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს. უმრავლესობა დაანონსებულ შეკრებას ჩვენი ქვეყნის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღნიშვნით ხსნის. თუმცა ოპოზიცია ფაქტს, სხვაგვარად, აფასებს. „შენების“ მოძრაობაში მოქალაქეების მობილიზება და დედაქალაქში გადაყვანა ღრმა პროვინციულ ქმედებად მიაჩნიათ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვერაფერი ისწავლა. ასმათ დიასამიძე მოქალაქეების მობილიზებას კონტრაქციას უწოდებს. ოპოზიციის წევრის შეფასებით, უმრავლესობა ამ გზით, ოპონენტებისთვის მხარდამჭერების დემონსტრირებას ცდილობს
„ემსახურე საქართველოში“ დაანონსებულ შეკრებას ნეგატიურად აფასებენ. მედეა ვასაძე სადღესასწაულოს ვერაფერს ხედავს. ის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ბათუმის მერს, მსგავსი ღონისძიებების ჩატარების ნაცვლად, ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისაკენ მოუწოდებს.
პარტია „ახალ საქართველოში“ კი, ამ მოვლენას, იმის დასტურად მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდს მხარდამჭერები არ ჰყავს. ვახო ხუნდაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი რუსული მეთოდებით ბრძოლაა. ოპოზიციის წევრი თვლის, რომ ქართულ ოცნებას მმართველობა დასასრულს უახლოვდება და მათ, რესურსად, მხოლოდ, დაშინების პოლიტიკა დარჩათ.
მესამე სექტორში ხალხის მობილიზების საეჭვო გზებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მიერ, ხალხის შეგროვება საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შეინიშნება.
მმართველ გუნდში, ხვალინდელ შეკრებას სახალხო ზეიმს უწოდებენ. ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ მსგავს აქტივობებში ჩართულობა ნებისმიერი მოქალაქისთვის ნებაყოფლობითია. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საჯარო მოხელეებზე ძალდატანების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამართლებლივი საქმის წარმოება დაიწყება.
უწევს თუ არა ორგანიზებას ბათუმის მერია მოქალაქეთა ტრანსპორტირებას ხვალ დაგეგმილ აქციაზე? და შეიქმნება თუ არა, ქალაქში, სამარშრუტო ტაქსების დეფიციტი? მერიაში გვითხრეს, რო საკითხს დააზუსტებდნენ, თუმცა მოგვიანებით ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს.