ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ვირუსებისა და ინფექციების რიცხვი, როგორც წესი, შედარებით იმატებს და პიკს იანვარ-თებერვალში აღწევს ხოლმე. ბოლო დღეებში, მოზარდებში, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში მენინგიტისა და ე.წ. ქუნთრუშას შემთხვევები დაფიქსირდა. იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე ვირუსების გავრცელების მხრივ, მედიკოსებს გავესუბრეთ და როგორც გაირკვა, H1N1 ვირუსი ბავშვებშიც დაფიქსირდა.
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:
- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსების მხრივ საგანგაშო არაფერი ხდება, ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორც წინა წლებში იყო. ვირუსების პიკი, როგორც წესი, თებერვალში უფროა ხოლმე. რაც არის მსოფლიოში გავრცელებული, ისაა ჩვენთანაც. ზოგადად, სეზონური გრიპი გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს სეზონურ აფეთქებებს ზომიერი კლიმატის რეგიონებში და ახასიათებს წლიური აქტივობა. გრიპის ვირუსის სამი ტიპია გავრცელებული: A, B, C. ამჟამად, მსოფლიოში სეზონურ გრიპს იწვევს A(H3N2), A(H1N1) ქვეტიპის და B ტიპის ვირუსები. გრიპის C ტიპის ვირუსი კი ხასიათდება მსუბუქი სიმპტომატიკით და ლოკალური ეპიდაფეთქებებით. სეზონური გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სიმპტომატიკით და მაღალი რისკის ჯგუფებში შესაძლოა მოყვეს ლეტალური გამოსავალიც.
- აღნიშნავთ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება, თუმცა, საბავშვო ბაღებში დაფიქსირდა ე.წ. ქუნთრუშას შემთხვევა, სკოლაში კი - მენინგიტის. რამაც სასწავლო პროცესს ხელი შეუშალა. რამდენადაა ვირუსის უფრო ფართოდ გავრცელების საშიშროება?
- ქუნთრუშა მართვადი დაავადება არ არის და არის ხოლმე შემთხვევები, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვიმეორებ, ქვეყანაში საგანგაშო არაფერი ხდება.
- პრევენციისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?
- უპირველესი და უმთავრესი ყოველთვის არის ის, რომ მშობელმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს. როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტხანს აქვს სიცხე, იქ უკვე აუცილებელია ექიმის ჩართულობა. დანარჩენი, დიაგნოზის დასმა მშობლების საქმე არ არის, ექიმების საქმეა.
- საჯარო სკოლაში მენინგიტის შემთხვევაზე რა ინფორმაციას ფლობთ, როგორია პაციენტის მდგომარეობა ამჟამად?
- მენინგიტი არის რამდენიმე სახის _ ვირუსული და ბაქტერიული, რომელიც ასევე სხვადასხვა ჯგუფად იყოფა, ასევე შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი მიკრობის გართულება. ნებისმიერი ვირუსული დაავადება შეიძლება გართულდეს მენინგო-ენცეპალიტად, სრულწლოვანი იქნება ეს, თუ არასრულწლოვანი. კიდევ ვიმეორებ, ქვეყანაში საგანგაშო არაფერი ხდება. ავადმყოფების პერსონალურ ინფორმაციას კი მე ვერ გავცემ.
მარინა ეზუგბაია, მოზრდილთა ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი:
- ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, რესპირატორული ინფექციის წყარო, ძირითადად, მაინც პირველადი ჯანდაცვის რგოლზე მიდის. მოზრდილი ასაკის პაციენტებიც დიდი რაოდენობით არ არის. ჩვეულებრივად, როგორც ოქტომბერ-ნოემბერში, ისეა ახლაც. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, დღეს ცირკულირებს B ტიპის ვირუსიც, A(H3N2) და A(H1N1), მაგრამ პაციენტების სიჭარბე, ექიმთან კონსულტაციები, ძირითადად, პირველადი ჯანდაცვის ფონზეა. ჩვენს კლინიკაში უკვე გართულებულ შემთხვევაში შემოდიან, მაგალითად, ვირუსი უკვე გართულებული პნევმონიით. დანარჩენი, ჯერჯერობით სტაბილური სიტუაციაა და ავადმყოფების უმეტესობა ამბულატორიულ დონეზე იმართება. ჩვენთან შემოსული ყველა შემთხვევა მკურნალობას დაექვემდებარა და რაიმე ლეტალურ შედეგს ადგილი არ ჰქონია. ყველა განიკურნა და სახლში ჯანრმთელი წავიდა. წელს მოსახლეობის მასიური იმუნიზაცია მოხდა, როგორც ვიცი და როგორც ჩანს, ამან იმუშავა, რომ გართულებული შემთხვევები ნაკლებადაა.
რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ჩვენამდე დიდი ხანია შეზღუდულად მოდის, ძირითადად, ხილიანის ქუჩაზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოსა და იაშვილის სახელობის კლინიკაში მიჰყავთ. ჩვენთან მხოლოდ გართულებული, მძიმე შემთხვევებით და სხვა ინფექციებით, სამ წლამდე ბავშვები კი საერთოდ არ შემოჰყავთ.
ია შალამბერიძე, ბავშვთა ინფექციური კლინიკის ექიმი, პროფესორი:
- მომართვიანობამ ბოლო დღეებში შედარებით მოიმატა, ვირუსული ინფექციის დიაგნოზით. რომელი სახის ვირუსია, ჩვენთან რამდენიმე შემთხვევის დადასტურება მოხდა ლაბორატორიულად. ეს იყო ადენო–ვირუსული ინფექცია, თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში გრიპისთვის დამახასიათებელი კლინიკა ფიქსირდება. რამდენიმე პაციენტი თვთონ მოვიდა ლაბორატორიულად დადასტურებული დიაგნოზით. ეს იყო H1N1. ეს დიაგნოზი უფრო ხშირად, კლინიკურად ისმება, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია მაღალი სიცხე, ცხელება, ხველა. იმ პაციენტების საერთო მდგომარეობა, რომლებმაც ამ დიაგნოზით მოგვმართეს, მძიმე იყო, მაგრამ დინამიკაში გაუმჯობესდა. ამჟამად, ყველა მათგანი გართულების გარეშეა. საბედნიეროდ, არ გვქონია შემთხვევა, რომ მძიმე ფილტვების ანთება განვითარებულიყოს.
- რა ასაკის იყვნენ პაციენტები, ვისაც გრიპის ვირუსი დაუფიქსირდა?
- სხვადასხვა ასაკის, 15 წლიდან დაწყებული, 2 წლის ჩათვლით.
- მენინგიტის შემთხვევა თუ დაფიქსირებულა თქვენს პაციენტებში?
- როდესაც გრიპის შემთხვევები მატებას იწყებს, მენინგოკოკური ინფექციის რისკიც მაშინ იზრდება. მენინგიტის მქონე პაციენტი ჩვენთან ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა, მაგრამ ნიშნების მიხედვით ეჭვი იყო, თუმცა, აღმოჩნდა ჩვეულებრივად ინტოქსიკაციის მაჩვენებელი და არა – მენინგიტი. ასეთი შემთხვევა სამ პაციენტთან იყო და ყველაფერი პათოგენეზურ თერაპიას დაემორჩილა. საერთო მდგომარეობა სამ დღეში უკეთესი იყო და პაციენტები გაეწერნენ. ლაბორატორიული კვლევით, ვირუსული თუ ბაქტერიული მენინგიტი არ დაფიქსირებულა. ძლიერი თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი გრიპს ზოგადადაც ახასიათებს.
ყველა, ვინც კონტაქტშია პაციენტთან, რომელსაც ჰაერ–წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი აქვს, მოგეხსნებათ, ასევე შეიძლება დაავადდეს, ამიტომ, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი. მსოფლიოში აღიარებული ყველაზე კარგი თავდაცვაა ვაქცინაცია. გრიპის ვაქცინა ადამიანს უშუალოდ გრიპისგან იცავს, გრიპი ის მძიმე დაავადებაა, რომელიც საკმაოდ მაღალ პროცენტში იწვევს ლეტალურ გამოსავალს. თუმცა, თუ გარკვეული შეხედულებების გამო ვაქცინას არ ვიკეთებთ, მაშინ ხშირი ხელის დაბანა, პირბადეების გამოყენება, შედარებით მსუბუქი გამოსავალია.
- საბავშვო ბაღში დაფიქსირდა ე.წ. ქუნთრუშას შემთხვევა, თქვენს კლინიკაში თუ იმყოფებიან მოზარდები მსგავსი ინფექციით?
- აქ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ვირუსული ინფექციები, რომლებიც მსგავსი გამონაყარით მიმდინარეობს. ჩვენი კვლევებით, ქუნთრუშის დიაგნოზი ზოგჯერ მტკიცდება, ზოგჯერ – არა. ვირუსულ ინფექციებს ისეთი გამონაყარი ახასიათებს, რომელიც ბევრი სხვა დაავადებისთვისაცაა დამახასიათებელი, მათ შორის, ალერგიული პაციენტებისთვის, მედიკამენტების მიმართ. „ქუნთრუშის“ შემთხვევები ქალაქში ნამდვილად არის და მომართვიანობაც, არამხოლოდ სტაციონარული, ამბულატორიულიც. ეს არის სტრეპტოკოკური ინფექცია და მას ვირუსთან კავშირი არ აქვს. ეს არის ჰაერ–წვეთოვანი ინფექცია და ახლო კონტაქტით გადადის, პირადი მოხმარების ნივთებით. ქუნთრუშას სახელით მოსახლეობაშია გავრცელებული, ისე კი ტონზილიტი ჰქვია.
- არის თუ არა „ტამიფლუს“ საკმარისი რაოდენობა? ხომ არ არის დეფიციტის შექმნის საფრთხე?
- სტაციონარში „ტამიფულუს“ საკმარისი რაოდენობაა და დეფიციტი ნამდვილად არ არის. მას განსაკუთრებით დადასტურებული ან მძიმედ მიმდინარე დაავადების დროს იყენებენ. იგი ინიშნება უშუალოდ გრიპით ავადობის შემთხვევაში, რომლის მატება ახლა დაიწყო, ამიტომ სტატისტიკაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით.
წყარო: პრაიმტაიმი