სალამი, მე გიორგი ვარ, ბორანოზე გაზრდილი, ოდნავ ჩაპუტნუკებული გიორგი. დროდადრო თავს შეგახსენებთ იმ არაჩვეულებრივ სივრცეში, რასაც TV25 ჰქვია, ვლოგის სახით, რომელიც ძირითადად შეეხება ჩემს მოგზაურობას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. როგორც უკვე მიხვდით, ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს მოგზაურობა, ლაშქრობა, საქართველოს კუთხეებში არსებული და სხვა ქვეყნების კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრების სტილის შეცნობა.
დღეს კი მოკლედ გიამბობთ - ჩემი პირველი ახდენილი ოცნების - შვეიცარიის ალპების შესახებ.
2017 წლის მაისში (დაილოცოს ვიზა-ლიბერალიზაცია), როცა პირველად ჩავედი ავსტრიაში და ლიხტენშტეინის გზას დავადექი, მანქანის ფანჯრიდან გავჰყურებდი ამაყად მომზირალ, უზარმაზარ მთებს და ვფიქრობდი - თან რა ახლოს ვარ ოცნებასთან და თან რა შორს - მეთქი. ამბობენ - თუ გულით გსურს რაიმე აუცილებლად აგისრულდებაო.
ბათუმში ვარ, უნივერსიტეტის წინ, ავტობუსის გაჩერებასთან ორი, ამერიკელი და ნეპალელი ,სტუმარი გავიცანი, ერთი გზა გვქონდა, N10 ავტობუსში ჩავჯექით და წავედით.
ავტობუსში კიდევ ერთი - შვეიცარიელი ნიკოლა გავიცანი, ძალიან მხიარული აღმოჩნდა, შესაბამისად მარტივად გავუგეთ ერთმანეთს. აჭარული სტუმართმოყვარეობაზე ბევრი გექნებათ გაგონილი, ნანახი, აი, ზემოხსენებულ სტუმრებს კი აქამდე არ სმენოდათ და აღტაცებულნი იყვნენ, როცა თეორიულად, შემდეგ კი პრაქტიკულად გამოსცადეს აჭარული სტუმართმოყვარეობა.
თბილისში მიდიოდნენ და წინა ღამით მათთან სახლში დამპატიჟეს. იქ კიდევ ერთი ამერიკელი და ერთი დანიელი გავიცანი. მაგიდა გაწყობილი იყო. მერე "კარტი" ვითამაშეთ, (მოვიგე და ყველას 1 დიდი კოვზით ფქვილი ვაჭამე :დ), მერე კი მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. ვუთხარი მთები ძალიან მიყვარს მეთქი, (და აღვნიშნე ალპების მთათა სისტემის, განსაკუთრებით შვეიცარიული ალპების მშვენიერება) ნიკოლამ არ დააყოვნა და - თუ შვეიცარიაში ჩამოხვალ ალპებში წაგიყვანო... მმმმ, მეც მეტი რა მინდოდა?
ქართველებს წესი გვაქვს - ერთი დაძახებით არსად მივდივართ, მაგრამ ეს ის მომენტი იყო უარის თქმა, რომ არ შეიძლებოდა. ფეისბუქში გერმანიაში გადაღებული ფოტოები ნახა და მომწერა შევძლებდი თუ არა ჩასვლას შვეიცარიაში... წერილის კითხვა დასრულებული არ მქონდა, რომ უკვე ყველა შესაძლო ვარიანტს ვეძებდი შტუტგარტიდან - ბერნიმდე ჩასასვლელად. ფლიქსბასის 25 ევროიან ბილეთზე შევჯერდი და.....ჩავედი შვეიცარიაში....ვილაშქრე ალპებში...და გეუბნებით, რომ ოცნებები ხდება !!!
გიორგი შავაძის ბლოგი [ბსუ-ს სტუდენტი]
გახდი TV 25-ის ბლოგერი