19, დეკემბერი 2019 09:38:00
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კოტე ანანიაშვილმა მედიასთან ბათუმში, პოლიციელის დაჭრის დეტალებზე ილაპარაკა. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოქალაქემ თავად გააჩერა და შემდეგ პატრულ-ინსპეტორ ოთარ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
„ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს შეაჩერა მოქალაქემ. როდესაც პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა ავტომანქანიდან კაცმა მას მოულოდნელად ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა ყელის არეში, ხოლო მეწყვილემ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა,“ - აცხადებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კოტე ანანიაშვილი ინციდენტის სხვა დეტალებზე არ საუბრობს. მისი განცხადებით, დანარჩენს გამოძიება დაადგენს. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პოლიციელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა:
„შემოყვანილია 29 წლის კაცი, რომელსაც ორი ჭრილობა აღენიშნება კისრისა და წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა, თუმცა კისრის არეში ჭრილობა ღრმაა. დაზიანებული იყო მცირე ვენა დაზიანებული იყო ხორხის ზედაპირი. მას ჩაუტარდა ოპერაცია. პაციენტი ხელოვნური სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმე მაგრამ სტაბილურია,“- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.
ბათუმში პატრულის თანამშრომელი გუშინ ღამით ცივი იარაღით დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: imedinews.ge