23, დეკემბერი 2019 21:31:00
ქოლგებით გაფორმებული ნაძვის ხე ბათუმში. ახალი წლის მთავარი ატრიბუტი საზოგადოების ნაწილის კრიტიკის საგანი უკვე გახდა. რას უწუნებენ ზღვისპირა პარკში განთავსებული მთავარი დღესასწაულის მთავარი სიმბოლოს დიზაინს მოქალაქეები და რა თანხა დაუჯდა მერიას ნაძვის მორთვა. ხატია გოგრაჭაძე გიამბობთ
ბათუმელები მთავარი ნაძვის ხის დიზაინს ნეგატიურად აფასებენ. ამბობენ, რომ შერჩეულ ვიზუალს საზეიმო განწყობა არ მოაქვს. მოქალაქეების თქმით, მთავარი საახალწლო ატრიბუტი ქოლგების სანაცვლოდ, სათამაშოებით რომ მოერთოთ, პატარებისთვის უფრო სახალისო იქნებოდა.
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში“ ფიქრობენ, რომ მსგავს სახალხო დღესასწაულებზე საზოგადოების აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ნათია აფხაზავას თქმით, ბათუმი, შეიძლება ბევრისთვის წვიმიანი ქალაქია, მაგრამ ამის ნაძვის ხეზე დემონსტრირებას არ მიესალმება.
ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომ დიზაინზე პასუხისმგებლები არ არიან. ჯონი საბაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებზე აგებენ პასუხს. ამბობს, რომ ვიზუალის ავტორის ვინაობა მისთვის უცნობია.
ბათუმის მერიაში კი ნაძვის ხის დიზაინის იდეას ქალაქთან დაკავშირებული სიმბოლიკებით ხსნიან. ამბობენ, რომ სამუშაოები დასრულებული არაა და საბოლოო ვერსიას მოქალაქეები რამდენიმე დღეში იხილავენ.
ვინ არის ბათუმის მთავარი ნაძვის ხის დიზაინის ავტორი? მერიაში მთავარი საახალწლო სიმბოლიკის შემოქმედი ვერ დაგვისახელეს.