26, დეკემბერი 2019 22:58:00
არსებობა შიმშილის ფონზე და ხელისუფლება, რომელიც პრობლემაზე ვერ რეაგირებს. მარტოხელა ქალი შუახევიდან, რომელიც არსებობისთვის თვითთმმართველობას საკვებს სთხოვს. რა ვითარებაში ცხოვრობს შუშანა რიჟვაძე? და რატომ ეუბნება მერია უარს სოციალურ სასადილოთი სარგებლობაზე? ვნახოთ ეკა ბარამიძის სიუჟეტი.
ამბობს, რომ დღეს აღარ გაუმართლა, სოციალურმა სასადილომ სხვისი წილი ულუფის მიცემაზე უარი უთხრა და სახლში საკვების გარეშე ბრუნდება. ახლა, ქვაბში დარჩენილ იმ დაობებულ პურის ფქვილს გვაჩვენებს, რომელიც ერთი წლის წინ საჩუქრად მიუტანეს. გვიყვება, რომ რამდენიმე თვე სავადმყოფოში გაატარა და ფქვილიც ქვაბს ასე შემორჩა. შუახევის ეკომიგრანტთა სახლში მცხოვრები შუშანა რიჟვაძე, არსებობისთვის საკვებს ითხოვს. მისივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, არაერთი თხოვნის მიუხედავად, სოციალური სასადილოთი სარგებლობაზე უარი უთხრა. ახლა ის მეზობლების დახმარებითა და მოწყალებით ცოცხლობს.
შუშანა მარტოხელაა. ბინა, სადაც ახლა ცხოვრობს, რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ გადასცა. რთულ ვითარებაში მყოფს საარსებო შემწეობა დიდი ხნის წინ მოუხსნეს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა.
იმის გასარკვევად თუ რატომ მოუხსნეს სოციალური დახმარება და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო, კრიტიკულ ვითარებაში მყოფ მოქალაქეებს? ამ კითხვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს, შუახევის სამსახურს მივმართეთ. სადაც გვითხრეს, რომ შუშანა რიჟვაძის შესახებ ინფორმაციას კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ მოგვაწვდიდნენ. ადგილობრივ ხელისუფლების განმარტებით კი სასადილოთი სარგებლობისთვის მოქალაქეს შესაბამისი სარეიტინგო ქულა უნდა გააჩნდეს.
რა ბედი ელის მოქალაქეს, რომელიც ხელისუფლებას არსებობისთვის, მხოლოდ საკვებს სთხოვს? და გაითვალისწინებს თუ არა უწყება ფინანსურ რესურს იმისთვის, რომ მომავალ წელს, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მარტოხელა ქალმა, სოციალური სასადილოთი ისარგებლოს, მერიის მუშაობაზეა დამოკიდებული.