31, დეკემბერი 2019 12:36:00
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის საქმიანობაში დარღვევები დააფიქსირა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კი, გამოვლენილ დარღვევებს ადასტურებს. აღნიშნულ ფინანსურ ცდომილებებს ოპოზიცია ეხმაურება. რას ამბობენ ნაციონალურ მოძრაობაში? და რაში არ ეთანხმება აუდიტის სამსახურს ჯუმბერ ვარდმანიძე? ვნახოთ ხატია გოგრაჭაძის სიუჟეტი
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მუშაობაში, გასულ წელს, არაერთი დარღვევა გამოიკვეთა. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც შესრულებულია გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები თუმცა, მოსახლეობა განხორციელებული პროექტებით ვერ სარგებლობს.
დასკვნაში გამოვლენილ ფინანსურ ცდომილებებს ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში არსებულ დარღვევებზე ადრეც საუბრობდნენ. თეიმურაზ დუმბაძის თქმით, ოპოზიციამ არსებული ხარვეზები არაერთხელ გაახმოვანა, თუმცა მათი მხრიდან, რეაგირება არ მოჰყოლია.
აუდიტის დასკვნაში საუბარია, საკრებულოს მიერ, ანაზრაურების სახით, დეპუტატებისთვის 50 ათას 400 ლარის, დოკუმენტური მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გაცემაზე. მიუხედავად ამ ფაქტისა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ახალი წლის წინა დღეს ამ თემასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართვა და მუშაობის სტილი დაგვიწუნა. ნადიმ ვარშანიძისთვის გაუგებარია რა სახის დოკუმენტაციას ითხოვდა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო. მან აუდიტის კომპეტენციაც ეჭვქვეშ დააყენა და მედია აღნიშნული სამსახურის გაფეტიშებაში დაგვადანაშაულა.
ხელვაჩაურის მერი კი, გამოვლენილ დარღვევებს ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ არის საკითხები რაშიც აუდიტს არ ეთანხმება. ჯუმბერ ვარდმანიძემ განაცხადა, რომ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს და შიდა მონიტორინგის გამკაცრებაც დაანონსა.
აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებულ პირთა ნაწილი არ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში წყლის დაქლორვა ხდება კუსტარული წესით. 10 მანქანას კი მოხსნილი ჰქონდა მეხსიერების ჩიპი, შესაბამისად უცნობია რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა საწვავი.