16, იანვარი 2020 10:51:00
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 53 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ამასთანავე, მოსახლეობის 59 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ (46 პროცენტი) მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.