ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს? ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები რამდენიმე ნაწილად გაიყო. კვლევითი ორგანიზაცია პოლიტიკოსების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებებთან ერთად, იმითაც დაინტერესდა, თუ რა აზრის არიან ისინი ინსტიტუტების მუშაობის შესახებ? შედეგების მთავარ აქცენტებს ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.
მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 64% ცუდად , კარგად კი 30 % აფასებს. 5 %-ს ხელისუფლების მუშაობის შესახებ კითხვაზე პასუხი არ აღმოაჩნდა.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 20 პროცენტი მისცემდა. 13 პროცენტიან მხარდაჭერას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოიპოვებდა, 8 პროცენტი კი არჩევანს „ევროპულ საქართველოზე“ გააკეთებდა. ლეიბორისტულ პარტიას 5 პროცენტი ენდობოდა, ხოლო პატრიოტთა ალიანსს - 4. NDI-ს თანახმად, 12-მა პროცენტმა არ იცის ვის სასარგებლოდ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.
გამოიკვლიეს პოლიტიკოსების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებები. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმრავლესობა ხელისუფლების ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს, ყველაზე ცუდად კი სალომე ზურაბიშვილის. დედაქალაქის მერი 34 პროცენტს მოწონს, ამდენივეს- დავით ბაქრაძე. ბიძინა ივანიშვილს დადებითად 17% აფასებს, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას კი გამოკითხულთა 49% გამოხატავს. ამდენივეს არ მოწონს სალომე ზურაბიშვილი, რომლის მიმართაც სიმპატიებით მხოლოდ 13% -ია განწყობილი. 34 პროცენტს არ მოწონს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, მიხეილ სააკაშვილს კი გამოკითხულთა 26% აფასებს, დადებითად 39% კი ნეგატიურადაა განწყობილი.
NDI-იმ ინსტიტუტების მუშაობის შესახებ მოსახლეობის აზრიც გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 40-მა პროცენტმა პარლამენტის მუშაობა შეაფასა ნეგატიურად. საკანონმდებლო ორგანოს შემდეგ ცუდად სასამართლოს მუშაობა შეფასდა. ეს გამოკითხულთა 31-მა პროცენტმა თქვა.
15 პროცენტის მიერ ცუდად შეფასდა პოლიციის მუშაობა , ხოლო 9 პროცენტის მიერ საქართველოს ჯარი
ეროვნულ დემოკრტატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 10% - ცუდად აფასებს, 37%-კარგად, ხოლო 12%-მა კითხვაზე პასუხისგან უარი განაცხადა.კვლევის მიხედვით ეკლესიის რეიტინგი ივლისის შემდეგ 14%-ით შემცირდა.
გამოკითხული მოსახლეობის 53 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა. 59 პროცენტი კი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ 46 პროცენტითაა გაზრდილი.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ 2 180 ადამიანი გამოკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.