21, იანვარი 2020 21:18:00
გაჭირვების ზღვარზე მყოფი 5 წევრიანი ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. სოფელ ლეღვაში მცხოვრებ გოგიტიძეების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი 2018 წელს მოუხსნეს. რა გახდა ამის მიზეზი და რას გვპასუხობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში? კითხვებზე პასუხს თეო ფუტკარაძის სიუჟეტიდან გაიგებთ.
გოგიტიძეების ოჯახს სოციალური დახმარება 2018 წელს შეუწყვიტეს. გვიყვებიან, რომ დახმარების თხოვნით სააგენტოს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათი საცხოვრებელი პირობები ქულათა მაღალი რაოდენობით შეაფასეს. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედამთილს უვლის, რის გამოც მუშაობას ვერ ახერხებს.
5 წევრიანი ოჯახი პენსიით არსებობს. მამია გოგიტიძე გვიყვება, რომ უმუშევრობის გამო, სტუდენტ შვილს სწავლის გადასახადსაც ვერ უხდის.
სოციალურად დაუცველები მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, რის გამოც სახლი ავარიულია. ყოველი გაწვიმებისას სახურავიდან ოთახებში წყალი ჩადის. მათივე თქმით, ქობულეთის მერიისგან სარემონტო მასალების გადაცემის პირობა მიიღეს, თუმცა დაპირება დღემდე შეუსრულებელია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საკითხთან დაკავშირებით მხოლოთ წერილობითი განმარტება გაკეთდა. უწყებაში განაცხადეს, რომ გოგიტიძეების ოჯახის პრობლემა გასულ წელს შეისწავლეს, რის შედეგადაც სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახს 800 ლარით დაეხმარნენ. აღნიშნეს ისიც, რომ საკითხს განმეორებით შეისწავლიან და არსებული შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებიან.