29, იანვარი 2020 21:27:00
მაცნე შეეცადა სამი სოფლის მაგალითზე ადგილობრივთა საჭიროებები გამოევლინა. შემთხვევითობით შერჩეულ ტერიტორიებზე ადგილობრივებმა სხვადასხვა სახის პრობლემა დაასახელეს: ბუკნარში მცხოვრებლები სოფელში მისასვლელ ამორტიზებულ გზაზე საუბრობენ. შიდა გზების მოუწესრიგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას სოფელ დავითურშიც. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ზაფხულში ონკანში სასმელი წყალი არასდროს უნახავთ. მოახდენს თუ არა ხელისუფლება პრობლემებზე რეაგირებას?
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ სოფელში მისასვლელი გზა ამორტიზებულია. მათი თქმით, მიკროავტობუსი, რომელიც სოფელს ემსახურება დასახლების ბოლომდე ვერ მიდის. ბუკნარში, გარე განათებაც არაა და აქ მცხოვრებლებს, მტაცებელი ცხოველების გამო, საღამოობით, გარეთ გამოსვლის ეშინიათ.
პრობლემებზე საუბრობენ სოფელ დავითურშიც. აქ შიდა გზების მოუწესრიგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავარიული გზის გამო, სამარშრუტო ტაქსი, სოფელს დღეში მხოლოდ ერთხელ ემსახურება. ბუკნარის მსგავსად, აქაც გარე განათების საკითხი მოსაგვარებელია. სოფელში დასუფთავების პრობლემაზეც საუბრობენ და სანაგვე ურნების განლაგებას ითხოვენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მცხოვრებლები წლების წინ დაწყებულ პრობლემაზე გვიყვებიან. ამბობენ, რომ ზაფხულში ონკანში სასმელი წყალი არასდროს უნახავთ და ზამთარშიც ხშირად უწყლოდ რჩებიან. ადგილობრივთა თქმით, რეგიონის მთავრობის უხვი დაპირებების მიუხედავად, არაფერი შეცვლილა.
სოფლად მცხოვრებლების საჭიროებები თითქმის იდენტურია, ისინი ელემენტარული ინფრასტრუტურის მოწყობას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. როგორც თავად ამბობენ, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ.