05, თებერვალი 2020 21:22:00
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.. კვლევის ერთ-ერთი ინდიკატორი ბავშვის აღზრდის მეთოდებია.
კვლევის შედეგად, რომელშიც, ქვეყნის მასშტაბით, 14 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა, ირკვევა, რომ ბავშვთა 69%-ის მიმართ, აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი იქნა გამოყენებული. აღზრდის ეს ფორმა მიუღებელია მშობლების ნაწილისთვის.
კვლევიდან ჩანს, რომ მოზარდთა 66%-მა ფსიქოლოგიური აგრესია განიცადა. ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის შეფასებით, მშობლების მხრიდან, შვილების მიმართ, ძალადობრივი მიდგომა მათ შემდგომ ქმედებებში ანალოგიურად იკვეთება.
ფსიქოლოგის შეფასებით, ნებისმიერი ფორმის ძალადობა, უარყოფით გავლენას ახდენს, ბავშვის, როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ქეთევან ბერიძის თქმით, ხშირად ამგვარი ქმედების განმაპირობებელი, მეურვეებში სოციალურ-ეკონომიკურ ფონთან ერთად, განათლების ნაკლებობაცაა.
გამოკითხული დედებიდან 8 პროცენტი შეადგინა იმ ნაწილმა, რომელთა შეხედულებითაც, ბავშვის სწორად აღსაზრდელად ძალადობრივი მიდგომა სწორია. ამ გამოვლინებას, დაბალი ცნობიერების დონეს უკავშირებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე დეპუტატი. ცოტნე ანანიძის თქმით, საზოგადოებაში ამგვარი დამოკიდებულების შესაცვლელად, სხვადსხვა, სექტორის მხრიდან კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
„ემაისიესი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული ერთ-ერთი, ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში.