06, თებერვალი 2020 21:18:00
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, ახალშენის კულტურის სახლი უფუნქციოდაა დარჩენილი. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ კოლოსალური თანხები მერიამ არამიზანმიმართულად დახარჯა. რა მდგომარეობაშია ობიექტი, რომლის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ ვერ დასრულდა? თეო ფუტკარაძე არკვევდა
ეს ახალშენში მდებარე კულტურის სახლია. უკვე მეხუთე წელია დაუსრულებელი რემონტის გამო, შენობა უფუნქციოა, რის გამოც, აქ მცხოვრებ ბავშვებს, კონცერტებისა და ღონისძიებების ჩატარება, სხვა მუნიციპალიტეტების დარბაზებში უწევთ.
ახალშენის მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ არასწორი პროექტის გამო, კულტურის სახლს კარი, რომელიც სახანძრო კიბეზე გადის არ აქვს. ამის გამო, მოსახლეობამ, პროექტი საკუთარი ხარჯებით შეადგინა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტში, მეორე წელია, უყურაღებოდ დევს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, წლებია შენობის ინვენტარიზაცია ვერ ხდება. შენობაში არ არის დამონტაჟებული სცენა, ასევე გათბობა და ელექტროობა. ხელისუფლების ოპონენტი ამბობს, რომ მილიონ ლარზე მეტი არამიზნობრივად დაიხარჯა და მუნიციპალიტეტის მერს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ხელვაჩაურის მერის თქმით, პროექტი, რომელიც მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით შეადგინა, შესაბამისობის დასადასტურებლად, ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია. ჯუმბერ ვარდმანიძის განმარტებით, თანხები რომელიც, თავის დროზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო, უკვე დახარჯულია და შენობისთვის ფუნქციის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობისთვის, მოსახლეობის ხარჯებით შედგენილი პროექტი, 2018 წლიდან, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, განხილვის მოლოდინშია. როდის დაიწყებს კულტურის სახლი ფუნქციონირებას? ხელვაჩაურის მერიაში კითხვაზე პასუხი არ აქვთ.