07, თებერვალი 2020 21:12:00
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლაძეების ოჯახი გამოასახლეს. ამ დროს შეუძლოდ ოჯახის ერთი წევრი გახდა. 80 წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. უფლებადამცველი და ოჯახის ახლობლები სამართალდამცველებს გამოსახლების შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.
გამოსახლების პროცესის დაწყებამდე ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ხელშეშლა საკუთარი ძალებით სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მაგული ცეცხლაძე ამბობს, მას ხელისუფლებისაგან დახმარების იმედი ჰქონდა და ახლაც მათ იმედადაა დარჩენილი.
ცეცხლაძეების ახლობლის განმარტებით, კერძო იპოთეკარი მოლაპარაკებებს არ თანხმდება, რადგან ზღვისპირას არსებული სახლის ინტერესი აქვს.
ადგილზე მისულ უფლებადამცველებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
„2010 წლიდან, რაც გამოსახლებაზე ვარ, ასეთი შემთხვევა არ მქონია“ - ამბობს უფლება დამცველი. თამაზ ბაკურიძე „ქართული ოცნების“ იმ დაპირებებს იხსენებს, როდესაც ამბობდნენ, რომ გამოსახლებები და გრძელვადიანი კრედიტები შეწყდებოდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განცხადებით, მათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რომ გამოსახლება გადაედოთ. პაატა შამუგიას თქმით, 5 წლიანმა მოლაპარაკების პროცესმა შედეგი ვერ გამოიღო და სახლი რამდენიმე საათში ახალ მფლობელს გადაუფორმდება.
გამოსახლების დროს ოჯახის ერთი წევრი შეუძლოდ გახდა. 80 წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ცეცხლაძეების 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.